დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1371-13 27 თებერვალი, 2013 წელი
ხ-ი ი., 1371-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჭ-ის
ადვოკატ – ვ. გ-ის
მსჯავრდებულ _ ი. ხ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ი. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 3 წლით, 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, მე-2 ნაწილით – 3 წლით, 109-ე მუხლის „გ“, „თ“ და „ლ“ პუნქტებით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ი. ხ-ს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებითა და შთანთქმით განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2001 წლის 8 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 18 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ხ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ხ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „თ“ და „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ამ მუხლით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით; ი. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 9 თვის ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ხ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ცალკეული შემადგენლობის ურთიერთშესაბამისობაზე ძველსა და ახალ კანონებს შორის საქართველოს სსკ–ის 91-ე მუხლთან მიმართებით, რომლის სწორი იურიდიული ანალიზი იძლეოდა სამართლებრივი დასკვნის საფუძველს; სასამართლო მხოლოდ ფორმალური მიდგომით დაკმაყოფილდა, რამაც გამოიწვია „ამნისტიის შესახებ“ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია. ი. ხ-ი სასჯელს იხდის 2001 წლის 8 ივნისიდან, მოხდილი აქვს 11 წელი, 7 თვე, 12 დღე და „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, იგი უკანონო პატიმარია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ი. ხ-ი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულად გავრცელებას და პატიმრობიდან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ი. ხ-ისთვის სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მასზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.
ასევე კანონიერია სსკ-ის 91-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება. ხოლო, რადგან მოცემულ კონკრეტულ საქმეზე არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლთან, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება ი. ხ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნულ სასჯელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ხ-ისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი – 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – შეესაბამება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე