ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№1691-13 27 თებერვალი, 2013 წელი
კ-ე ე 1691-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნ. ჟ-ს
ადვოკატ - რ. ლ-ს
მსჯავრდებულ - ე. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. კ-ის საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ე. კ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 მაისიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ე. კ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 მაისიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. კ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ იგი სრულიად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.
ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ამავე კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნით, სადაც აღნიშნულია, რომ პირი, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე შეუმცირდა სასჯელი, არ თავისუფლდება ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისაგან.
საქმის მასალების მიხედვით, ე. კ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაღების მიზანი არ შეიძლება ჩაითვალოს გასაღების ნიშნად, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები და იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებული ე. კ-ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 15 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ე. კ-ს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მსჯავრდებული ე. კ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი