დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.02.2013
საქმის ნომერი
12აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №12აგ-13 11 თებერვალი, 2013 წელი მ-ი გ, 12აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ი. ი-ა და განსასჯელ გ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარის ოდენობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც შპს „ფერიას“ 100%-იანი წილის მფლობელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მითითებული საწარმოს კუთვნილი ქონება, მიწის ნაკვეთის სახით.

2012 წლის 18 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ-ა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რის საფუძვლადაც უთითებდა, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული და როგორც წინასწარი გამოძიება, ისე სასამართლოში საქმის განხილვა წარიმართა რიგი პროცესუალური ნორმების დარღვევებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული გ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რათა სააპელაციო სასამართლოს მიეთითოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა მოცემული საქმე და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ ძალადობით, იძულებით, მუქარითა და დაშინებით შეძლო მისი დაყოლიება საპროცესო შეთანხმებაზე, ვინაიდან, განაჩენის გამოტანისას სრულად იქნა დაცული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. ამავდროულად გ. მ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია, რადგან მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა გ. მ-ს მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი