შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1841 –13 1 მარტი, 2013 წელი
მ-ე მ ,184–13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ი. დ-ას
მსჯავრდებულ - მ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განაჩენით მ. მ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით, სსკ-ის 262–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 15 წლით, ხოლო სსკ-ის 273–ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 10 ივნისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. მ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 6 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც მთლიანად დაემატა სხვა დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 21 წელი, 6 თვე, 15 დღე და საბოლოოდ მ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 21 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მ. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 25 ნოემბრიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. მ-ეს ისევ გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 3 თვე და მას სასჯელად განესაზღვრა 1 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სხვა დანაშაულის ჩადენისათვის მოსახდელი 20 წელი, 6 თვე და 13 დღე და საბოლოოდ მ. მ-ეს მოსახდელი დარჩა 20 წლით, 7 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მ. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამრთლის საქმეთა პალატის 5 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე:
მ. მ-ე მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
მ. მ-ე მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის – 1 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
მ. მ-ეს საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 10 ივნისიდან.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. მ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–8 და მე–13 მუხლები, კერძოდ: მას ამ მუხლების გამოყენებით მხოლოდ 1/4–ით შეუმცირა საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული რეალური სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მისი აზრით, უკანონოა, რადგან იმავე კანონის მე–13 მუხლი შეეხება სსკ–ის 260–ე და 262–ე მუხლების ერთობლიობით დაკვალიფიცირებულ დანაშაულს და იმპერატიულად ადგენს პირის სასჯელისაგან გათავისუფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმება, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8, მე–13 მუხლების გამოყენება და დანიშნული სასჯელისგან სრულად განთავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–13 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262–ე მუხლით“.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული“. რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული მუხლით, როდესაც მსჯავრდებული გაათავისუფლა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.
იმავე კანონის მე–17 მუხლის თანახმად კი ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.
მართალია, მ. მ-ე ნასამართლობის არმქონე პირია, მაგრამ მასზე არ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი და რადგან მის ქმედებას აქვს ორი მაკვალიფიცირებელი ნიშანი (სსკ-ის 260 და 262-ე მუხლები), საქალაქო სასამართლომ აქაც სწორად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც 1/4-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ცვლილება უნდა შევიდეს არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამრთლის საქმეთა პალატის 5 მაისის განაჩენში, არამედ – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში.
მ. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 10 ივნისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში.
მ. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 10 ივნისიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. ქათამაძე