დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2231-13 5 მარტი, 2013 წელი
ჯ-ა გ, 2231-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნ. ჟ-ს
მსჯავრდებულ - გ. ჯ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის განაჩენით გ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 ნოემბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 ნოემბრიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის სწორად გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი - მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან გ. ჯ-ა არის ადრე ნასამართლევი ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი