დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.03.2013
საქმის ნომერი
2კ-239-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2391-13 5 მარტი, 2013 წელი

მ-ი ი., 2391-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ფ-ის

მსჯავრდებულ _ ი. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ი. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო საასმართლოს 2008 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 5 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 5 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 25 აპრილიდან იმავე წლის 10 მაისამდე და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ი. მ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს მის მიმართ დადგენილი ორივე განაჩენის გადახედვას და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონის სრულად გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. მ-ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ხსენებული კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის დანაწესი.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. მ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა ასევე კანონიერია, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრდებისას იგი იყო წინათ განზრახი დანაშაულისთვის - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით – ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელები მეტისმეტად მკაცრია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს იმ განაჩენის სამართლიანობაზე, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე