დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2431-13 6 მარტი, 2013 წელი
ტ-ი მ. 2431-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. პ-ას
მსჯავრდებულ _ მ. ტ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით მ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 11 წლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მ. ტ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 ივლისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2006 წლის 6 მარტიდან 2006 წლის 20 ივლისის ჩათვლით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: მ. ტ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მ. ტ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 ივლისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2006 წლის 6 მარტიდან 2006 წლის 20 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ტ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ტ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლითა და 6 თვით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კი – 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დამატებული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. ტ-ს მოსახდელად დარჩა 26 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ტ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ სადავოდ არ ხდის განჩინებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირების ნაწილში; მსჯავრდებულის აზრით, მას სრულად უნდა შეეხოს „ამნისტიის შესახებ“ კანონი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით (რომლითაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი დაემატა ძირითად სასჯელს), რადგან ნარკოტიკული საშუალება უნდოდა პირადი მოხმარებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, იგი ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ. ტ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის. ამიტომ მის მიმართ ვერ მოხდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის გამოყენება და მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მ. ტ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.
ასევე კანონიერია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები (სსკ-ის 109-ე და 237-ე მუხლებთან მიმართებით) და, ამავდროულად, იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით – იყო ნასამართლევი (სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებთან მიმართებით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე