დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2761-13 6 მარტი, 2013 წელი
კ. ს-ა 2761-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ც-ას
მსჯავრდებულ _ კ. ს-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ს-ას საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის განაჩენით კ. ს-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 თვე და საბოლოოდ კ. ს-ას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი დარჩა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
კ. ს-ას საჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 22 ნოემბრიდან.
კ. ს-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენით კ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის განაჩენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით კ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენით კ. ს-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ კ. ს-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ს-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე კ. ს-ა გათავისუფლდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე კ. ს-ას ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 7 წელი, 6 თვე და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 7 თვისა და 15 დღის ვადით.
კ. ს-ას საჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 22 ნოემბრიდან.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა კ. ს-ამ სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მას ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომელშიც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლეობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“ და იმის გამო, რომ კ. ს-ა ამ პერიოდისათვის იყო ნასამართლობის არმქონე პირი, ხოლო აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი სრულიად კანონიერად გაათავისუფლა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.
იმის გათვალისწინებით, რომ კ. ს-ა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი