დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.03.2013
საქმის ნომერი
2კ-301-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3011-13 7 მარტი, 2013 წელი

ქ-ე თ, 3011-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. დ-ას

მსჯავრდებულ _თ. ქ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ- ქ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განაჩენით თ. ქ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 10.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თ. ქ-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი – 1 წელი, რომელიც დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მსჯავრდებულ თ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თ. ქ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 27 ნოემბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე თ. ქ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თ. ქ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 16 წელი და სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 27 ნოემბრიდან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ქ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განჩინებში ცვლილების შეტანის გზით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.

იმის გათვალისწინებით, რომ თ. ქ-ე, საქმის მასალების მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში), მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლში აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“. შესაბამისად, თ. ქ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი სასჯელისაგან.

იმავე კანონის მე–17 მუხლის თანახმად: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“, ხოლო კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ უცვლელად დატოვა დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა – 10.000 ლარი.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი