დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.03.2013
საქმის ნომერი
2კ-305-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3051-13 7 მარტი, 2013 წელი

დ-ე ბ., 3051-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. დ-ას

მსჯავრდებულ _ ბ. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. დ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ბ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 14 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ბ. დ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 23 დეკემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განაჩენიდან ბ. დ-ეს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. დ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ბ. დ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. დ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–13 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. დ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება კანონიერია. ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ბ. დ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 14 წლით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ხსენებული კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის დანაწესი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13, მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე