ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№3091-13 8 მარტი, 2013 წელი
უ-ე ა 3091-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - გ. ქ-ს
ადვოკატ - გ. გ-ს
მსჯავრდებულ - ა. უ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. უ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივლისის განაჩენით ა. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განაჩენით ა. უ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ ა. უ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. უ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდა.
მსჯავრდებულ ა. უ-ს საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ ა. უ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ა. უ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა 7 წლით, 8 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დადგენილების მიღების მომენტიდან - 2009 წლის 27 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ა. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის II მუხლის I პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის I მუხლის II პუნქტის თანახმად, ა. უ-ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წლით, 8 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა. უ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ა. უ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება. მსჯავრდებულ ა. უ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 3 დეკემბრიდან 2007 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. მსჯავრდებულ ა. უ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2009 წლის 14 დეკემბრიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. უ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. უ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ა. უ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 დეკემბრის ¹განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.
მსჯავრდებული ა. უ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2008 წლის 30 ივლისის ¹განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე -გათავისუფლდა.
მსჯავრდებულ ა. უ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივლისის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის ¹განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ა. უ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე - გათავისუფლდა.
საბოლოოდ ა. უ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. უ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 14 დეკემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი - 2008 წლის 23 თებერვლიდან 2009 წლის 14 დეკემბრამდე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. უ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ამავე კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნით, პირი, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე შეუმცირდა სასჯელი, არ თავისუფლდება ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისაგან.
საქმის მასალების მიხედვით, ა. უ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები და იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. უ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ა. უ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ა. უ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ა. უ-ს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მსჯავრდებული ა. უ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე