დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-314-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3141-13 8 მარტი, 2013 წელი

წ-ი დ., 3141-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ჩ-ის

მსჯავრდებულ _ დ. წ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. წ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით დ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 12 ივლისიდან 15 ივლისამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით დ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები; სასჯელთა შეკრებით დ. წ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 10 თვე, 24 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით, 4 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი, 10 თვე და 24 დღე – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის, 10 თვისა და 24 დღის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 30000 ლარი და უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 19 თებერვლიდან.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №12 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. წ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. წ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული დ. წ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე დამატებული, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა შესაბამისად – 9 თვით და 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ დ. წ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 19 თებერვლიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. წ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ არ ითვლება სსკ-ის 273-ე და 239-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევად, ასევე ითხოვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 და მე-8 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. წ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისგან განთავისუფლება კანონიერია.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. წ-ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითა და 381-ე მუხლით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 9 თვითა და 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა ასევე კანონიერია, ვინაიდან ამ მუხლებით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის – რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებულ დანაშაულებს – იყო ნასამართლევი. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებული არ გათავისუფლებულა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მას ვერ აღუდგება ჩამორთმეული უფლებები, ამავე კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე