დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-357-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3571-13 8 მარტი, 2013 წელი

ბ-ე მ., 3571-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ის

მსჯავრდებულ _ მ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და მ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 სექტემბრიდან. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 9 თვით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე იგი უნდა გათავისუფლებულიყო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; რაც შეეხება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას, სასამართლოს უნდა შეემცირებინა იგი ერთი მეოთხედით. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ეს უკვე მოხდილი აქვს 3 წელი და 5 თვე, იგი ითხოვს განჩინების გაუქმებას და დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ბ-ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით – იყო ნასამართლევი. ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს და მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე