დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-358-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3581-13 8 მარტი, 2013 წელი

მ-ი ა, 3581-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ნ. ფ-ს

ადვოკატ - ი. ნ-ს

თარჯიმან - ე. მ-ს

მსჯავრდებულ - ა. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის IV ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 12 მარტიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

ა. მ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ა. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონული სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ა მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.

ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 მარტიდან.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13, მე-16 მუხლებით, რომლის საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით, ხოლო ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე