ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 13.03.2013
საქმის ნომერი
2კ-417-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.03.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№4171-13 13 მარტი, 2013 წელი

ფ-ი კ 4171-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - თ. ჭ-ს

ადვოკატ - გ. დ-ს

მსჯავრდებულ - კ. ფ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ფ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

კ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 7 ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 31 ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი - 1 წელი, 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. კ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 29 დეკემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

კ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა მოუხდელი სასჯელი - 1 წელი, 4 თვე და 15 დღე პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი მას განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, 4 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის, 4 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განაჩენით კ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“, ,,დ“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2012 წლის 21 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. კ. ფ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 7 ივლისის, 31 ივლისის, 28 აგვისტოსა და 10 სექტემბრის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 4 თვე და 15 დღე, ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის საქართველოს კანონის თანახმად, განახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2010 წლის 28 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 8 თვე და 7 დღე დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 21 მარტიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ფ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ფ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული კ. ფ-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 31 მარტის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 2008 წლის 7 ივლისის, 2008 წლის 31 ივლისის, 2008 წლის 28 აგვისტოსა და 2008 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელისაგან, რაც დამატებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე.

მსჯავრდებული კ. ფ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით) დანიშნული სასჯელისაგან, რაც დამატებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე.

მსჯავრდებული კ. ფ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

მსჯავრდებულ კ. ფ-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2012 წლის 21 მარტიდან.

მსჯავრდებულ კ. ფ-ს აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 31 მარტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ფ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

საქმის მასალების მიხედვით, კ. ფ-ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები და იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ფ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული კ. ფ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ კ. ფ-ს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული კ. ფ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე