დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№4211-13 13 მარტი, 2013 წელი
ე-ე მ., 4211-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. კ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ე-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განაჩენით მ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 273-ე მუხლით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, დანარჩენი 4 წელი კი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენით მ. ე-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენით შეიცვალა და მ. ე-ეს განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ე-ეს შეუმცირდა აღნიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით მ. ე-ეს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
მცხეთის რაიონული სასამართლის 2010 წლის 4 თებერვლის დადგენილებით მ. ე-ე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე, 1 თვითა და 23 დღით ადრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენით მ. ე-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 24 ივნისიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ე-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ე-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ე-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ე-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ე-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის – 11 წლით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის – საქართველოს სსკ-ის 260-ე, 273-ე, მე-19,177-ე მუხლებით – იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება მ. ე-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ე-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე