დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 07.03.2023
საქმის ნომერი
ბს-740(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-740(კ-22) 7 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - რ. კ-ა, დ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 27 აპრილს რ. კ-ამ და დ. კ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1019/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 20 აპრილის №03-1019/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მითითებით, მოსარჩელეებს გადაუდებელი საჭიროების გამო საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ მათ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ, მოკვლევის შედეგად გაარკვია, რომ ქ. ზუგდიდში, მოსარჩელის საკუთრებაში, რომელიც ამჟამად გასხვისებული აქვს, მიმდინარეობს რემონტი და სახლში არავინ იმყოფება, თუმცა მეზობლის განმარტებით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი გახლავთ რ. კ-ა. ამდენად, რ. კ-ას უარი ეთქვა სწორედ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქონის გამო და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ხოლო კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტულობის მიხედვით, მოსარჩელეთა გადაუდებელი განსახლების საჭიროება სახეზე არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, რ. კ-ას ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით). გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“. თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი („წესის“ 3.5 მუხლი).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება კი ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები რ. კ-ა და დ. კ-ი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი.

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. კ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7.5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობების კატეგორია - 1.5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 2.5 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კატეგორია (მნიშვნელოვნად გამოხატული) - 2.0 ქულა, ომში მონაწილეობის კატეგორია (ომში დაღუპული ოჯახის წევრის - ნ. კ-ის გამო) -1.5 ქულა). ამასთან, მოსარჩელე რ. კ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა, ითხოვა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემა. 2016 წლის 9 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №7 მესაკუთრეს წარმოადგენდა რ. კ-ა. 2018 წლის 14 აგვისტოს ამონაწერით 2016 წლის 18 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა მ. ბ-ას საკუთრებად.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2021 წლის 20 იანვარს თბილისში, ...ს ქ. №6-ში, ადგილზე დახვდათ რ. კ-ა, დ. კ-ი მსახურობს ჯარში, კონტრაქტის საფუძველზე. აღნიშნულ ფართში 2017 წლიდან ცხოვრობენ ქირით და იხდიან 270 ლარს. რ. კ-ა წარმოადგენს მე-2 ჯგუფის ინვალიდს, მეუღლე - ნ. კ-ი გარდაცვლილია. ზუგდიდში, ...ის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ფართი არის ვინმე ბ-ას საკუთრება, მისთვის უცნობია ვინ ცხოვრობს აღნიშნულ ფართში. 2021 წლის 3 თებერვალს ზუგდიდში განხორციელებული დათვალიერების შედეგად მონიტორინგის ჯგუფს, ...ის №7-ში არავინ დახვდა, მეზობელმა - რ. თ-ამ განმარტა, რომ რ. კ-ა არ ცხოვრობს აღნიშნულ სახლში, ხოლო ლ. ჩ-ამ განაცხადა, რომ ამჟამად რემონტია და არ იმყოფებიან, თუმცა მაცხოვრებელთა ერთ-ერთი ოჯახის წევრი რ. კ-აა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, 2021 წლის 2 აპრილის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.

ამავე ოქმის (ოქმი №19) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რ. კ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს ალტერნატიული საცხოვრებლის გამო (ოჯახის ქულათა რაოდენობა - 7.5).

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1019/ო ბრძანებით რ. კ-ას ოჯახს (განცხადებაში მითითებულ პირებს) ამ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ მასალებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელე რ. კ-ა არის ონკოლოგიური პაციენტი დიაგნოზით - ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომა C73; წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მეორე ჯგუფი ინვალიდს უვადო სტატუსით. ასევე საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ საცხოვრებელი პირობები, სადაც მოსარჩელეთა ოჯახი ამჟამად იმყოფება, არ იძლევა ღირსეულად ცხოვრების საშუალებას. საქმეში წარმოდგენილია ასევე 01.01.2020-21.04.2021წწ პერიოდის რ. კ-ას ...ი ბანკის ანგარიშის ამონაწერზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დევნილთა ბინის ქირისთვის ერიცხება სოციალური დახმარება 150 ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 27 აპრილის მდგომარეობით რ. კ-ას ოჯახს მოქმედი სარეიტინგო ქულა არის 34870 და იღებს შემწეობას.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. საკასაციო სასამართლო, სადავო საკითხთან მიმართებით, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება დევნილი ოჯახისათვის, იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით ქ. ზუგდიდში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის საფუძვლით. მხოლოდ მითითება, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, არ შეიძლება გახდეს დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული მოსარჩელეთა ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქ. №7-ში ცხოვრებისა თუ საკუთრების არსებობის ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. შესაბამისად, ნივთზე უფლების არსებობა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი, უძრავ ნივთის შეძენისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებდა განცხადების განხილვის პერიოდისათვის რ. კ-ას ოჯახის საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის არსებობას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რ. კ-ამ გაასხვისა უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე გახდა მ. ბ-ა. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ კი მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ რ. კ-ას ოჯახი დაკმაყოფილებული არ არის საცხოვრებელი ფართით.

აღსანიშნავია, რომ რ. კ-ას ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. საგულისხმოა, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, შესაბამისი ქულების განსაზღვრის გზით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 7.5 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რის გამოც სადავო აქტი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე