განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№5481-13 19 მარტი, 2013 წელი
ბ-ი რ, 5481-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ჯ.უ-ის
მსჯავრდებულ _ რ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ბ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 აგვისტოს განაჩენით რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელის მოხდისაგან იგი გათავისუფლდა 2003 წლის 18 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.
2005 წლის 11 ივლისს რ. ბ-ი კვლავ გაასამართლა გორის რაიონულმა სასამართლომ და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ბ-ი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2007 წლის 16 აპრილს.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 3 000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 თებერვლიდან. რ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით რ. ბ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. ბ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 4 თვე, 12 დღე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 2 თვისა და 6 დღის ვადით, რაც განახევრდა 2009 წლის 20 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 7 თვისა და 3 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 15 ოქტომბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით რ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - 1 წლით, 7 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 2 თვისა და 9 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 15 ოქტომბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა რ. ბ-მა. იგი ითხოვს, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და არა - ამ სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ასევე - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ამდენად, აღნიშნული კანონის მე-16 მუხლით შემცირებას ექვემდებარება დანიშნული და არა - მოსახდელად დარჩენილი სასჯელი. შესაბამისად, რ. ბ-ს, როგორც განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევს, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2008 წლის 28 თებერვლიდან. ამ დღიდან 2012 წლის 15 ოქტომბრამდე - ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 და 2009 წლების საქართველოს კანონების გამოყენებით სასჯელის შემცირებამდე - მსჯავრდებულს მოხდილი აქვს 4 წელი, 7 თვე, 17 დღე და მოსახდელად დარჩენილია 3 წელი, 7 თვე და 13 დღე, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 და 2009 წლების საქართველოს კანონების საფუძველზე უნდა განახევრდეს და საბოლოოდ რ. ბ-ს უნდა განესაზღვროს 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2012 წლის 15 ოქტომბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, რ. ბ-ლს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 28 თებერვლიდან;
,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, რ. ბ-ს გაუნახევრდეს 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთის 2012 წლის 15 ოქტომბრისათვის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წელი, 7 (შვიდი) თვე, 13 (ცამეტი) დღე და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 9 (ცხრა) თვითა და 21 (ოცდაერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, რ. ბ-ს გაუნახევრდეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, 9 (ცხრა) თვით, 21 (ოცდაერთი) დღით და საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) თვითა და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 15 ოქტომბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე