განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-551-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5511-13 19 მარტი, 2013 წელი

დ-ი ზ, 5511-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ე-ის

ადვოკატ - რ. მ-ის

მსჯავრდებულ _ ზ. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ის საჩივარი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 მარტის განაჩენით ზ. დ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით ზ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - 5 წლით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 14 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენით.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ზ. დ-ის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით ზ. დ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 11 წლით, 3 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 26 ნოემბრიდან.

ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ზ. დ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 6 თვე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 15 დღის ვადით, რაც აეთვალა 2009 წლის 27 ნოემბრიდან.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 3 თვე, რაც მოხდილად ჩაეთვალა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით; ზ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან.

ზ. დ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მას მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა 8 წელი, 5 თვე და 8 დღე, რომლის მოხდა უნდა ათვლილიყო 2006 წლის 14 სექტემბრიდან. ამის გამო მას მოსახდელად დარჩენილი აქვს 1 წელი, 11 თვე და 25 დღე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვან ასაკში ჩაიდინა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს. შესაბამისად, ზ. დ-ს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და ამ მუხლით უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ზ. დ-ს, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევს, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და ამ მუხლით უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონებისა და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრისა და 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებების შესაბამისად, ორჯერ უნდა გაუნახევრდეს და ამ მუხლით განესაზღვროს 11 თვითა და 7 დღით თავისფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და ამ მუხლით უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. დ-ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, ასევე - 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით ზ. დ-ს მოხდილად ჩაეთვალა 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი, მსჯავრდებულს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2006 წლის 14 სექტემბრიდან და არა - 2009 წლის 27 ნოემბრიდან - ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენების დღიდან.

პალატა აღნიშნავს, რომ ზ. დ-ს 2009 წლის 27 ნოემბრიდან სასჯელის მოხდა დაეწყო იმის გამო, რომ ამ დროისათვის მას ჯერ კიდევ მოსახდელი ჰქონდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი. ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებულს მოხდილად ჩაეთვალა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი, აღარ არსებობს 2009 წლის 27 ნოემბრიდან - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის დღიდან - სასჯელის ათვლის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ზ. დ-ს გაუნახევრდეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ მუხლით განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ზ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ მუხლით განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ზ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ მუხლით განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ზ. დ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წელი, 9 (ცხრა) თვე და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ზ. დ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წელი, 10 (ათი) თვე, 15 (თხუთმეტი) დღე და ამ მუხლით განესაზღვროს 11 (თერთმეტი) თვითა და 7 (შვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად;

ზ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2006 წლის 14 სექტებრიდან.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე