დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 01.05.2023
საქმის ნომერი
ბს-1079(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1079(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ.ვ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ.ვ-ამ 2020 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №03-210/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №03-210/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ვ-ას ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რადგან მ.ვ-ას განაცხადის განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე - 97-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით სრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. კერძოდ, მ.ვ-ამ, რომელმაც შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, განაცხადის დამუშავების შედეგად მოიპოვა წინასწარი შეფასებით 4.50 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) 1.5 ქულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მკვეთრად გამოხატული (მეუღლე თ.კ-ა) 3 ქულა. 2013 წლის 9 აგვისტოს 320-ე ბრძანების შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის ინფორმაციით არ დადგინდა, რომ ოჯახის განსახლება იმ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე (ქ. რუსთავი, ...ის ქ. კორპ. 17, ბ.4) განახორციელეს ვიზიტი, რის თაობაზეც შედგა მონიტორინგის ოქმი. მონიტორინგის სამსახურის ვიზიტისას განმცხადებლის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე 2019 წლის 18 აგვისტოს შეივსო მონიტორინგის ფორმა, სადაც მხარემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე ათი წლის მანძილზე ცხოვრობდა ქირით. განაცხადში მითითებული ჰყავს მეუღლე - თ.კ-ა, შვილი - გ.გ-ა, არადევნილი რძალი ნ.ჩ-ე და არასრულწლოვანი შვილიშვილი ე.კ-ა. სააგენტოს თანამშრომლების მიერ შედგენილი მონიტორინგის ოქმიდან ირკვევა, რომ ბინა, სადაც მ.ვ-ა ოჯახთან ერთად ქირით ფაქტობრივად ცხოვრობს, არის მისი დის - ნ.ვ-ას საკუთრება, რომელიც ოჯახით ცხოვრობს ამერიკაში. საქმეში ასევე წარმოდგენილია მონიტორინგის სამსახურის მიერ 2017 წლის 20 მაისს მ.ვ-ას იმავე ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე (ქ. რუსთავი, ...ის ქ. კორპ. 17, ბ.4 ) შედგენილ ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ უშუალო გასაუბრება ვერ მოხდა, ვინაიდან ბინა დაკეტილი იყო, თუმცა მოხდა გასაუბრება იმავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრებ მეზობელთან ქალბატონ მ. ზ-ესთან, რომელმაც განმარტა, რომ ქალბატონ მ.ვ-ას იცნობდა კარგად და დაზუსტებით განაცხადა, რომ მ.ვ-ა დაახლოებით 15 წელია ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და ბინა შეძენილი იყო მის მიერ. გამოიკითხნენ სხვა მეზობლებიც, რომლებმაც ასევე დაადასტურეს, რომ ამ კორპუსში მე-2 სადარბაზოში ქალბატონი მ...ას ოჯახი ფლობდა ბინას. მ.ვ-ას შვილი გ.გ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2014 წლის 26 ივლისიდან ნ.ჩ-ესთან. ნ...ას ჰყავს დედა მ.ჩ-ე, რომელიც დედასთან ს.ჩ-სთან (ნ...ას ბებია) ერთად ცხოვრობს ასევე რუსთავში საკუთარ ბინაში. ნ...ას დედმამიშვილები არ ჰყავს, მამა გარდაცვლილია. მონიტორინგის სამსახურის წევრები იმყოფებოდნენ მათ ფაქტობრივ მისამართზეც (ქ. რუსთავი, ...ის ქ. 8/5 ), სადაც დახვდათ ნ...ას დედა ქ-ნი მ... მან დაადასტურა, რომ ბინაში ცხოვრობს დედასთან ერთად და ბინა არის დედის ს.ჩ-ის საკუთრება (საკ კოდი: ...). მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, 2009 წლიდან დის საკუთრებაში ცხოვრების გამო. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2019 წლის 10 ოქტომბერს (№39 ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მ.ვ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა როგორც სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებული ინფორმაცია (გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის შესახებ) და მის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რადგან დადასტურებულია, რომ მ.ვ-ას აქვს ფაქტობრივი საცხოვრებელი და დაუბრკოლებლად აგრძელებს მასში ცხოვრებას. კასატორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომლითაც მოსარჩელის პოზიცია არ დასტურდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მ.ვ-ას მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N03-210/ო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მ.ვ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და ფაქტობრივად ცხოვრობს რუსთავში, ...ის ქ. კორპ. 17, ბ.4-ში მისი დის - ნ.ვ-ას საკუთრებაში. განაცხადის განხილვის შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №03-210/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), მ.ვ-ას ოჯახს ეთქვა უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, მ.ვ-ას განაცხადი შეფასდა 4.50 ქულით: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მკვეთრად გამოხატული (მეუღლე თ.კ-ა) - 3 ქულა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმითა და მ.ვ-ას მიერ შევსებული კითხვარით დადასტურებულია მოსარჩელის დის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი და კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული 4,5 ქულით, როგორც დევნილი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნათესავის, კერძოდ მოსარჩელის დის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრება ვერ გახდება საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის წინაპირობა, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ განმცხადებელს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა მ.ვ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არასრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა 2019 წლის 13 დეკემბრის №03-210/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა