განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-557-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5571-13 19 მარტი, 2013 წელი

ბ-ე მ, 6311-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ლ. ყ-ის

მსჯავრდებულ _ მ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის განაჩენით მ. ბ-ე, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3 500 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, კერძოდ, მ. ბ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 მარტიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივნისის განაჩენით მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 15 ივნისიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განაჩენით.

უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრისა და 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განაჩენებზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის დადგენილებით მ. ბ-ეს სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, კერძოდ: სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - 4 წელსა და 6 თვეს დაემატა სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი, 11 თვე, 1 დღე და განესაზღვრა 10 წლით, 5 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 4 აპრილიდან.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მ. ბ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 5 წლის, 11 თვისა და 1 დღის მოხდისაგან. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 4 აპრილიდან.

მსჯავრდებული მ. ბ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 177-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის ათვლა უნდა დაწყებოდა 2011 წლის 15 ივნისიდან, რადგან სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან იგი მთლიანად გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ბ-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მ. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 4 აპრილიდან, რადგან მას მოსახდელი ჰქონდა სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილი. ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებული მთლიანად გათავისუფლდა სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, აღარ არსებობს 2012 წლის 4 აპრილიდან სასჯელის ათვლის საფუძველი.

ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მ. ბ-ს სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით სსკ-ის 177-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი, რის შედეგად დარჩენილი 3 წელი, 4 თვე და 15 დღე მსჯავრდებულს უნდა აეთვალოს ამ სასჯელის დანიშვნის შესახებ განაჩენში მითითებული თარიღიდან - 2011 წლის 15 ივნისიდან.

გასაჩივრებული განჩინების სხვა ნაწილში შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის - 3 (სამი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდა მ. ბ-ეს დაეწყოს 2011 წლის 15 ივნისიდან.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე