დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.03.2013
საქმის ნომერი
2კ-562-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5621-13 16 მარტი, 2013 წელი

შ-ე ა., 5621-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ც-ას

მსჯავრდებულ _ ა. შ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განაჩენით ა. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 7 მარტიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. შ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ა. შ-ეს მოსახდელად დარჩა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. შ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს განჩინების გაუქმებას და დანიშნული სასჯელების მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. შ-ისათვის დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 თვით, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან ამ მუხლებით მსჯავრდებისას ა. შ-ე წინათ განზრახი დანაშაულისათვის – საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით (ბანდიტიზმი) – იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება ა. შ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე