განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№5641-13 18 მარტი, 2013 წელი
გ-ი ნ, 5641-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - თ. ჭ-ს
მსჯავრდებულ - ნ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 მაისის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 5000 ლარი და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის განაჩენით ნ. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 11 თვისა და 27 დღის ვადით, პირობით, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ასევე ჩაეთვალა პირობით და ნ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 5000 ლარი და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან ნ. გ-ა 10 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 წელი, 11 თვე და 27 დღე, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, 11 თვე და 27 დღე. ნ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 30 იანვრიდან 2012 წლის 21 მაისის ჩათვლით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ნ. გ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობითი მსჯავრისაგან, რომელიც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი - 10 წელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ ნ. გ-ს მოსახდელად დარჩა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 21 მაისიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. გ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: განისაზღვროს სასჯელის მოხდის ათვლის ზუსტი თარიღი, ამასთან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 30 იანვრიდან 2012 წლის 21 მაისის ჩათვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-16 მუხლით, რასაც სადავოდ არც მსჯვრდებული ნ. გ-ი ხდის.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ ნ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 21 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 30 იანვრიდან 2012 წლის 21 მაისის ჩათვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ნ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 21 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 30 იანვრიდან 2012 წლის 21 მაისის ჩათვლით.
სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ლ. მურუსიძე