დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№5711-13 16 მარტი, 2013 წელი
მ-ი ა., 5711-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ა. ხ-ის
მსჯავრდებულ _ ა. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. მ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 28 თებერვლიდან.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ–ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. მ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება კანონიერია. ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ა. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის საბოლოო ზომად 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 1 წლითა და 6 თვით – პირობითი მსჯავრისა და 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადის განსაზღვრა, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ხსენებული კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება. იქიდან გამომდინარე, რომ ა. მ-ს დანარჩენ ორ ეპიზოდში სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის დანაწესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება ა. მ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-16, მე-17, მე-18, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე