დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.03.2013
საქმის ნომერი
2კ-596-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5961-13 25 მარტი, 2013 წელი

ჯ-ე გ 5961-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - გ. ფ-ს

მსჯავრდებულ - გ. ჯ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იმერეთის პრობაციის ბიუროდან შემოსულ მსჯავრდებულ გ. ჯ-ს პირადი საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. გ. ჯ-ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში (დაკავება - 2012 წლის 19 ივნისი, გათავისუფლება - 2012 წლის 25 ივნისი).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმერეთის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს პირადი საქმე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული როგორც პირობითი მსჯავრი - 2 წელი, ასევე გამოსაცდელი ვადა - 3 წელი. მსჯავრდებულ გ. ჯ-ს პირობით მსჯავრად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 3 თვე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა და დანიშნული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის განახევრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. ამავე კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია