დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1039-1286-04 19 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ანდერძისა და სამემკვიდრეო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დუშეთის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ 2003წ. 20 მაისს გაცემული მ. ქ-ის გარდაცვალების მოწმობის ბათილად ცნობა, ამავე განყოფილების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა და მ. ქ-ის გარდაცვალების თარიღად 2000წ. 14 იანვრის დაფიქსირება, 1992წ. 24 აპრილის ანდერძისა და 2003წ. 20 მაისის სამემკვიდრეო უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, დედის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგზე: მისი დედა მ. ქ-ი გარდაიცვალა 2000წ. 14 იანვარს, რომელსაც დარჩა შვილები: მ. და თ. ქ-ები. დედის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას _ დუშეთის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელ სახლს, ფაქტობრივად დაეუფლა მოსარჩელე. დედა ერთობლივად დაკრძალეს, გადაუხადეს ორმოცი და წ.თავი. 2003წ. ზაფხულამდე დებს შორის კარგი დამოკიდებულება არსებობდა, ვიდრე ცნობილი არ გახდა, რომ მის დისშვილს მოპასუხე ი. ა-ს 1992წ. 24 აპრილს შედგენილი ანდერძის საფუძველზე აუღია სამემკვიდრეო მოწმობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ანდერძი არასწორია, რადგან მისი დედის სურვილი იყო სახლი ორივე შვილს დარჩენოდა, ანდერძზე არ არის დედის ხელმოწერა, იგი გაცემულია კანონმდებლობის დარღვევით, მემკვიდრეობა გაიხსნა 2000წ. 14 იანვარს და არა 18 იანვარს. ნოტარიუსი დაეყრდნო გარდაცვალების მოწმობას და ანანურის საკრებულოს 15.05.2003წ. ¹66 ცნობას, სადაც არასწორადაა მითითებული მ. ქ-ის გარდაცვალების თარიღი. ნოტარიუსმა ი. ა-მა მიმართა 2003წ. 20 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რითაც დაირღვა სკ-ის 1424-ე მუხლის მოთხოვნა, არ შემოწმებულა სამკვიდროს ფლობის ფაქტი.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მ. ქ-ს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეს, დედის _ მ. ქ-ის დანაშთი ქონებიდან მიეკუთვნა სავალდებულო წილი მთელი ქონების ¼1/4-ის ოდენობით. შესაბამისად, ამ ნაწილში 2003წ. 20 მაისის სამემკვიდრეო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ა-მა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა მ. ქ-მა, რომელმაც შეამცირა მოთხოვნა და უარი განაცხადა გარდაცვალების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის განჩინებით ი. ა-ისა და მ. ქ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: დუშეთის რაიონის სოფ. .... მ. ქ-ის სახელზე ირიცხებოდასაცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით. მ. ქ-ი გარდაიცვალა 2000წ. 14 იანვარს, 1992წ. 29 აპრილის ანდერძით მან მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილიშვილ ი. ა-ს, რომელმაც ანდერძის საფუძველზე 2003წ. 20 მაისს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე სახლი გაიფორმა თავის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა მ. ქ-ის მოსაზრება, ჩათვალა, რომ სადავო ანდერძში მოანდერძედ გარკვევითაა მითითებული მოანდერძე მ. ქ-ზე, ნოტარიუსის მიერ განმარტებულია იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის შინაარსი, ანდერძზე შესრულებულია მ. ქ-ის ხელმოწერა, დამოწმებულია სანოტარო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სკ-ის 1403-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობს ანდერძის ბათილობის საფუძველი. ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები იმის თაობაზე, რომ მ. ქ-ის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე ი. ა-ი, ისე მ. ქ-ის შვილი, მოსარჩელე მ. ქ-ი ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდროს, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით – ი. ა-ის მიერ ელექტროენერგიის საფასურისა და სხვა გადასახადების გადახდით, ანანურის საკრებულოს ცნობებით, მოწმე ბ.ფ-ის განმარტებით. აღნიშნულიდან და სკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, ი. ა-ის მიერ სამემკვიდრეო მოწმობის სამკვიდროს გახსნიდან მესამე წელს მიღება არ წარმოადგენს ამ მოწმობის გაუქმების საფუძველს.
სკ-ის 1371-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ სწორად მიიჩნია მ. ქ-ისთვის სამკვიდროდან 1\4-ის განსაზღვრა. მ. ქ-ს დარჩა ორი შვილი – მ. და თ. ქ-ები, რომლებიც პირველი რიგის მემკვიდრეთა წრეში შედიან. მ. ქ-მა, რომელმაც ფაქტობრივად მიიღო სამკვიდრო, მას კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა სამკვიდროს ნახევარი, ამიტომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ი. ა-ის მოსაზრება, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მ. ა-ს მიაკუთვნა სავალდებულო წილი, რაც მას არ უთხოვია. იმდენად, რამდენადაც დადგინდა ანდერძის ნამდვილობა, მ. ქ-ი წარმოადგენს მემკვიდრეს, რომელსაც არ შეიძლება ჩამოერთვას მემკვიდრეობის უფლება და ამიტომ მას ნაცვლად მოთხოვნილი 1\2-ისა, მიეკუთვნა სავალდებულო წილის სახით 1\4, რითაც მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ, მ. ქ-ისათვის სავალდებულო წილის მიკუთვნების ნაწილში, გაასაჩივრაი. აფციაურის წარმომადგენელმა მ. ს-ემ, მოითხოვა ამ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგებოდა სსკ-ის 248-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვნია. დუშეთის რაიონულმა სასამართლომ მ. ქ-ს მიაკუთვნა სავალდებულო წილი, რასაც მოსარჩელე თავისი სარჩელით არ მოითხოვდა. ამავე სასამართლომ მ. ქ-ი ცნო სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1\4-ის მესაკუთრედ, მაშინ, როდესაც მოსარჩელე მოითხოვდა მესაკუთრედ ცნობას დედის _ მ. ქ-ის სამემკვიდრეო ქონებაზე. ბუნებრივია, რომ სასამართლოს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა მ. ქ-ის სამკვიდრო ქონებისა და სოფ.ანანურში მდებარე სახლის გაიგივებისთვის. ამდენად, ამ შემთხვევაშიც დაირღვა სსკ-ის 248-ე მუხლი. იგივე შეეხება სანოტარო აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობასაც. მოსარჩელეს ეკუთვნის თუ არა სავალდებულო წილი მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას გადაწყვეტილი, რაც დადგენილი წესით იქნება წამოყენებული მოთხოვნა სავალდებულო წილის მიკუთვნების შესახებ. მოსარჩელე მოითხოვდა კუთვნილ წილს კანონით მემკვიდრეობიდან გამომდინარე საერთო საფუძველზე, სასამართლომ კი მხარეს მიაკუთვნა სავალდებულო წილი, რაც ნამდვილადარ ნიშნავს ერთისა და იმავეს მიკუთვნებას. იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე მოითხოვდა სავალდებულო წილს, მაშინ ეს გამორიცხავდა მის მოთხოვნებს კანონით მემკვიედრეობასთან დაკავშირებით, ანუ მოცემულ საქმეში მოსარჩელეს ან უნდა მოეთხოვა კანონით მემკვიდრეობა ან სავალდებულო წილი. მოსარჩელე ერთდროულად ორივეს ვერ მოითხოვდა. ი.აფციაურის საჩივრის უარყოფისას სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი მხარე, მაგრამ პროცესუალური თვალსაზრისით დასაბუთებული არ არის. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. ამგვარმა დარღვევამ კი გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც მისი გაუქმების საფუძველია. რამდენადაც სავალდებულო წილზე მოთხოვნა საერთოდ არ იყო წამოყენებული, ამდენად კასატორის მხრიდან ამ საკითხზე არ ყოფილა ჯეროვნად განხორციელებული საპასუხო ქმედებები. ამის შედეგად მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არასრულფასოვანი შეფასების შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული სასამართლოების მიერ. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს. ამ გარემოებაზე დაყრდნობით კი მოსარჩელეს მიეკუთვნა სავალდებულო წილი, რაკიღა სასამართლომ ჩათვალა, რომ სამკვიდრო მის მიერ მიღებულ იქნა. მოწმის მიერ გაცხადებული ფაქტები არ იყო საკმარისი საფუძველი ამის მიჩნევისათვის, დასახელებული გარემოებები, როგორიცაა სახლის პერიოდულად მონახულება, არ ნიშნავს სამკვიდროს ფლობისა თუ მართვის ფაქტობრივ შედგომას. გარდა ამისა, სკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელია იმავდროულად მეორე პირობის დადგენაც _ ამგვარი ფაქტობრივი ფლობა უნდა მოწმობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას. ეს პირობა საქმიდან არათუ არ დასტურდება, არამედ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მისი არსებობა-არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასაცია უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას ი. ა-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ხოლო დანარჩენ ნაწილში მხარეებს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენიათ და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: დუშეთის რაიონის სოფ. .... მ. ქ-ის სახელზე ირიცხებოდასაცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით. მ. ქ-ი გარდაიცვალა 2000წ. 14 იანვარს, 1992წ. 29 აპრილის ანდერძით მან მთელი თავისი ქონება უანდერძა შვილიშვილ ი. აფციაურს, რომელმაც ანდერძისა და 2003წ. 20 მაისს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე სახლი გაიფორმა თავის სახელზე. მ. ქ-ს დარჩა ორი შვილი _ მ. და თ. ქ-ები. მ. ქ-ის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე ი. ა-ი, ისე მ. ქ-ის შვილი, მოსარჩელე მ. ქ-ი ფაქტიურად დაეუფლნენ სამკვიდროს, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივარი ამგვარ პრეტენზიას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლომ სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მხარეს მიაკუთვნა სავალდებულო წილი, რაც მას არ უთხოვია. სკ-ის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). მოსარჩელე მ. ქ-ლის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა დედის დანაშთი ქონების 1/2-ის კანონისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეს სამკვიდრო ქონების ნახევრის ნაცვლად მიეკუთვნა 1/4. ამდენად, სასამართლომ იმსჯელა რა სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე, მხოლოდ გარკვეულ ნაწილში დააკმაყოფილა იგი, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებისა, არ არის საკმარისად დადასტურებული. დასახელებული გარემოების დადგენისას სასამართლო, სსკ-ის 249-ე მუხლის თანახმად, თავის დასკვნებს ამყარებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რის საწინააღმდეგოც კასატორს არ წარმოუდგენია. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი შესაგებლის წარმდგენის მხარეზეა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ა-ის წარმომადგენელ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.