დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.03.2013
საქმის ნომერი
2კ-673-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6731-13 18 მარტი, 2013 წელი

გ-ი ნ., 6731-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ფ-ის

ადვოკატ – ნ. ბ-ას

მსჯავრდებულ _ ნ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შეკრებით მას მოსახდელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ნ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა: სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 თვით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შეკრებით მას მოსახდელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის განაჩენით ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შეკრებით მას მოსახდელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის განაჩენით ნ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს – 22 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 19 წელი და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ნ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 40 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან.

აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შეიცვალა და ნ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ნ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 9 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 5 წლითა და 3 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 9 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ნ. გ-ს მოსახდელად დარჩა 24 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან. განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინების თანახმად, მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მოქმედებდა 2006 წლის აგვისტოში; ამავე განჩინებით მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა; შესაბამისად, სწორედ ამ სასჯელს უნდა გამოაკლდეს 15 წელი და 3 თვე (სწორედ სასჯელის ეს ვადა აკლდება ორივე განაჩენით შეფარდებულ საბოლოო სასჯელს) და მოსახდელად დარჩეს 14 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაიწყება 2006 წლის 22 აგვისტოდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 და მე-8 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ ნ. გ-ის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან განთავისუფლება კანონიერია;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. გ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის საბოლოოდ სასჯელის სახით 24 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა ასევე კანონიერია, ვინაიდან აღნიშნული დანაშაულები მიეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს და მათზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი -მე-15 მუხლების მოქმედება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ მისთვის სასჯელი უნდა დაანგარიშდეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელიდან - 30 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-8, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე