დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.05.2023
საქმის ნომერი
ბს-145(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-145(კ-23) 16 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს ,,ჯ...“

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,ჯ...მა“ 2019 წლის 24 დეკემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, ს/კ ... დადგენილი წესის თანახმად საპრივატიზაციოდ განკარგვასთან დაკავშირებით დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შპს „ჯ...ს“ კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს: აჭარის ა/რ მთავრობას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, საკადასტრო კოდით ... „აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების თანახმად, საპრივატიზაციოდ განკარგვასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, აჭარისა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა დ ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჯ...მა“.

კასატორი საჩივარში მიუთითეს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებზე და განმარტავს, რომ მოპასუხემ განიხილა მოსარჩელე კომპანიის მიმართვა კონკრეტული სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით და კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვით, მიზანშეწონილად ჩათვალა მოთხოვნილი ქონების პრივატიზება - ორჯერ 2017 წლის 12 ოქტომბერს და 2018 წლის 19 ივნისს პირობებიან აუქციონზე საპრივატიზაციოდ გაიტანა კიდეც ქონება, თუმცა 2019 წლის 20 ივნისს მიღებული ბრძანებით შეწყვიტა აუქციონი. შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საპრივატიზებო უძრავი ქონების განაშენიანების თაობაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არსებობა, კერძოდ, შეიცვალა ფუნქციური ზონა საცხოვრებელი ზონით. მოსარჩელემაც, ყოველგვარი შეპასუხების გარეშე, გაიზიარა ვითარების შეცვლა და საინვესტიციო წინადადება მიუსადაგა საცხოვრებელ ზონას, რითაც აიღო ის ვალდებულება, რომ აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში საპრივატიზებო ქონებაზე ააშენებდა და მოაწყობდა 24 ნომრიან სასტუმროს. აღნიშნული შეთავაზება სამინისტრომ განსახილველად და შესათანხმებლად გადაუგზავნა ქობულეთის მუნიციპალიტეტს. საკითხის განხილვის შემდეგ მოწონებულ იქნა საინვესტიციო წინადადება და გაიცა დადებითი რეკომენდაცია. მეორე აუქციონის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის მიუხედავად, კასატორისთვის გაუგებარია რა გახდა პრივატიზების გაჭიანურების თუ მასზე საერთოდ უარის თქმის მიზეზი, რითაც დაირღვა სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების - საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

გარდა აღნიშნულისა, კასატორი განმარტავს, რომ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული პალატის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ თურმე მესამე პირის მიერ თვითნებურად დაკავებული უძრავი ქონების განკარგვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ვერ იქნებოდა დაცული საჯარო ინტერესი და ამის დასადასტურებლად მოხმობილია მოპასუხე სამინისტროს მიერ ცალკე აღძრული სამოქალაქო სარჩელი თვითნებურად დაკავებული ქონების გამოთავისუფლებაზე, რაც მოპასუხე სამინისტრომ, მხოლოდ მას შემდეგ აღძრა, როდესაც წინამდებარე დავაზე საქმის წარმოება უკვე დაწყებული იყო. მოპასუხე სამინისტროს მიერ აღძრულ სამოქალაქო სარჩელზე ჯერ საქმის არსებითი განხილვაც კი არ დაწყებულა და დავის საგანზე, რაზედაც ჯერ კიდევ არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო პალატამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განსახილველ საქმეზე დადგენილ გარემოებებად მიუთითა ხსენებული დავიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებები.

კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა ასევე პალატის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის უფლებასა და ინტერესს პრივატიზების განუხორციელებლობით ზიანი არ ადგება. მოსარჩელე კომპანიამ გაიღო მატერიალური და ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ დაესაბუთებინა სამინისტროსთვის, როგორც აჭარის ა/რ-ის ქონების განმკარგველისთვის, აჭარის ა/რ-ის კუთვნილი კონკრეტული ქონების პრივატიზების მიზანშეწონილობაში (განსახორციელებელი საინვესტიციო წინადადების შემუშავება, დაგეგმარება, ხარჯთაღრიცხვა და ა.შ). რაც გაიზიარა მოპასუხე სამინისტრომ, დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, საკუთარი შეხედულებისამებრ (დისკრეციის ფარგლებში) შეარჩია ქონების განკარგვის ფორმა (პირობებიანი თუ უპირობო და ა.შ) და ორჯერ გაიტანა საპრივატიზაციოდ აღნიშნული ქონება აუქციონზე. ასევე გამოვლინდა რა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ქონების პრივატიზების შემაფერხებელი გარემოებები, დადგენილი წესის თანახმად ისიც იქნა აღმოფხვრილი, რის შემდეგაც კვლავ მიმართა მოსარჩელე კომპანიამ მისადაგებული საინვესტიციო წინადადებით (24 ნომრიანი სასტუმროს პროექტი, ხარჯთაღრიცხვა, დასასაქმებელ პირთა რაოდენობა და ა.შ.) მოპასუხე სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საკმარისად დასაბუთებული საჯარო ინტერესის დაუდასტურებლობის მიუხედავად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად შეფასდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით, შპს ,,ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, რომლის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ერთ-ერთი ფორმაა პირობებიანი ან უპირობო აუქციონი. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის №103 ბრძანებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესზე“, რომლის 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონი ცხადდება პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით აუქციონი ცხადდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რომელიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების დადგენისა და შეფასების საფუძველზე. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-262(კ-21)) ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, სადაც ,,საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, როგორც ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულება. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ქვეშ მოაზრებული ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპის არსი სახელისუფლებო შტოთა შორის ურთიერთმაკონტროლებელი, ურთიერთგამაწონასწორებელი და ურთიერთდამაბალანსებელი მექანიზმის შექმნაში მდგომარეობს. აღნიშნული პრინციპის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქციით არის აღჭურვილი. სასამართლო ხელისუფლების რევიზორული ბუნება კი დაუშვებელს ხდის სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შეთავსებას და მის მიერ მმართველობითი ღონისძიების განხორციელებას. კონსტიტუციით გავლებული სახელისუფლებო ზღვრის პარალელურად კი, სასამართლო ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია კიდევ უფრო მეტად იბოჭება მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე იღებს. ასეთ დროს კონტროლის შეზღუდული ფარგლებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების გათვალისწინებით, შეამოწმოს მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირებასა და ურთიერთდაბალანსებას უნდა დაეფუძნოს. დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების პროცესში კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება შეცვალოს სასამართლოს მიხედულებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემა სახელმწიფოს ერთპიროვნულ ნებას ეფუძნება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. განსხვავებით რეგულარული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებისაგან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი ფორმით, ხანგრძლივი იჯარის წესით სარგებლობაში გადაცემის პროცესი რამდენიმე ეტაპიანია და მოიცავს, უპირველესად, სახელმწიფოს მხრიდან მისი იჯარის წესით გაცემის მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენის საჭიროებას და ასევე აუქციონში გამარჯვებული პირის მიმართ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას, ორმხრივი ნების გამოვლენის ფარგლებში არსებით პირობებზე შეთანხმების მიზნით. უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემის/პრივატიზების პროცესის წამოწყება სახელმწიფოს ნების ავტონომიის სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად, საკმარისი საჯარო-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, დაუშვებელია სახელმწიფოს ნებაზე იძულება, მისი დავალდებულება, მოახდინოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა. საკასაციო სასამართლო პარალელურად აღნიშნავს, რომ ცხადია, სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებას არ უნდა იყენებდეს ბოროტად, სახელმწიფოს მხრიდან ქონების განკარგვაზე უარის გაცხადება არ უნდა იყოს თვითნებური და არ უნდა ეფუძნებოდეს ყოველმხრივ უსაფუძვლო მიზეზებს. თუმცა უძრავი ქონების განკარგვის დაუშვებლობასთან მიმართებით საკმარისად დასაბუთებული საჯარო ინტერესის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლო კონტროლის ფარგლები შეზღუდულია სახელმწიფოს ნების ავტონომიით, რამდენადაც ქონების განკარგვის მიმართ ნების გამოვლენის თავისუფლება განაპირობებს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობას, ხოლო მასში სასამართლოს შეჭრა არღვევს საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ასეთ დროს, სასამართლო ხელისუფლება პრაქტიკულად ანაცვლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და თავად ახორციელებს მმართველობით ღონისძიებას.“

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ჯ...ს“ დაინტერესებაში არსებული ქობულეთში, ...ის ქუჩის №3-ში მდებარე 6587 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე. აღნიშნული ქონება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გატანილ იქნა აუქციონზე ორჯერ; კერძოდ, 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი, თუმცა მსურველის არარსებობის გამო ქონების პრივატიზაცია არ განხორციელებულა. 2018 წლის 07 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კვლავ შევიდა შპს „ჯ...ს“ განცხადება ზემოხსენებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებით, 30%-იანი ფასდაკლებით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების მოთხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე 2018 წლის 19 ივნისს გამოცხადდა განმეორებითი პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 30% ფასდაკლებით. გამომდინარე იქიდან, რომ აუქციონის პირობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწით სარგებლობის გეგმა წინააღმდეგობაში იყო ერთმანეთთან, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 20 ივნისის №01-01-3/290 ბრძანებით შეწყდა ელექტრონული აუქციონი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ აუქციონის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული. მოსარჩელე ითხოვს საპრივატიზაციოდ განკარგვასთან დაკავშირებით დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, შესაბამისად, აუქციონის შეწყვეტის კანონიერება ვერ გახდება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი.

რაც შეეხება პრივატიზების ინიციირების საკითხს, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, მათ შორის, 2019 წლის 17 დეკემბრის N01-01-10/6211 წერილზე (ტ.1,ს.ფ.41), რომლითაც დადგენილია, რომ შპს „ჯ...ს“ ეთხოვა უნებართვოდ დაკავებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, რა გარემოებასაც დაეფუძნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მოპასუხის განმარტებით, მითითებული გარემოების აღმოფხვრამდე, მოსალოდნელია, რომ შესაძლო დაინტერესებულმა პირებმა თავი შეიკავონ აუქციონში მონაწილეობის მიღებასა და ჯანსაღი კონკურენციის გაწევაზე, უკეთესი საპრივატიზებო პირობებისა და საპრივატიზებო საფასურის შეთავაზების კუთხით, შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს მიერ აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში, ვერ იქნებოდა დაცული სამინისტროს ინტერესი (საჯარო ინტერესი).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან განსაკარგი ქონება თვითნებურად იყო დაკავებული შპს „ჯ...ს“ მიერ, ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლით დეკლარირებული ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის მიზანი, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელისა და მესამე პირების უფლებათა თანაბარზომიერად დაცვის მიზნით, ხოლო აუქციონის გამოცხადება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქონების მესაკუთრის უფლებას, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოს ერთპიროვნულ ნებას. ამრიგად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 10.03.2023 წლის №... საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. სტურუა