დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.03.2005
საქმის ნომერი
ას-1058-1331-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ ას-1058-1331-04 25 მარტი, 2005 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 8 ოქტომბერს ტ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ მარტვილის რ-ის სოფ. ... საკრებულოსა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 1999წ. 4 ნოემბრიდან ქორწინებაში იმყოფება ი. უ-თან, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ, ამ ხნის მანძილზე ერთმანეთთან ვერ დაამყარეს ნორმალური ურთიერთობა და განქორწინდნენ. ამასთან, ქორწინების მოწმობა არ არის გაფორმებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ქორწინება დამოწმებულია ძალადაკარგული ბეჭდით, ქორწინების რეგისტრაციის პროცესს არ დასწრებიან მოწმეები. მოსარჩელის მტკიცებით, ქორწინება იყო ფიქტიური.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით, ტ. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 მაისის განჩინებით ტ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999წ. 4 ნოემბრიდან იმყოფებოდა ი. უ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც არ უარყო თვით ტ.ბ-მ.

სკ-ის 1140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქტიური ქორწინება). ამავე კოდექსის 1107-ე მუხლში ასახულია დაქორწინების პირობები და იგი განმარტავს, რომ დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

სკ-ის 1108-ე მუხლი მიუთითებს, საქორწინო ასაკის შესახებ, ხოლო 1120-ე მუხლი ადგენს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებებს და ამომწურავად განმარტავს, რომ დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან, ან პირდაპირ აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, ან ღვიძლ და, აგრეთვე, არაღვიძლ და-ძმას შორის; არ დაიშვება მშვილობელსა და ნაშვილებს შორის; ასევე არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომლებთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ქორწინება დასაშვებია.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო დაემტკიცებინა სასამართლოსათვის, რომ აღნიშნული ქოწინების მოწმობა შედგენილია სკ-ის 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევით, რაც მან ვერ მოახერხა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ტ.ბ-ს განმარტება ქორწინების ფიქტიური ხასიათის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაასახელა ამისი მოტივი და საბოლოო მიზანი ანუ რისთვის და რატომ გაფორმდა ფიქტიური ქორწინება.

ტ.ბ-მ განმარტა, რომ მეუღლეებს შორის ვერ დამყარდა ნორმალური ურთიერთობა, ვერ შეძლეს მყარი ოჯახის შექმნა, არ ჰყავდათ ბავშვები. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია ფიქტიური ქორწინების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტები ადასტურებენ საწინააღმდეგოს, კერძოდ, დაქორწინებულებს სურდათ კარგი ურთიერთობების დამყარება და ნორმალური ოჯახის შექმნა, მაგრამ ვერ შეძლეს, რაც თავისთავად გამორიცხავს ქორწინების ფიქტიურ ხასიათს. ამასთან, ტ.ბ-ა ამჟამად აგრძელებს ცხოვრებას ი.უ-თან მის კუთვნილ ერთოთახიან საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ...ქ. ¹13ბ/35-ში.

აღნიშნილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ.ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. ტ.ბ-ა თვლის, რომ სადავო ქორწინების მოწმობა არის ყალბი, რაც სასამართლოს უნდა დაედგინა, სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზი, მან გადადო სხდომა სხვა დროისათვის, რითაც დაირღვა ტ.ბ-ს კანონიერი უფლებები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქორწინების მოწმობა ყალბია და ეს სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა. სსკ-ის 102-ე მუხლის I ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელე ქორწინების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქორწინების მოწმობა გაყალბებულია. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რაც მან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. ამდენად, საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მთავარი სხდომა გაიმართა 2004წ. 22 აპრილს, სადაც მოწინააღმდეგე მხარემ მონაწილეობა მიიღო და სასამართლოსათვის მოცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითა თავისი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის თაობაზე. სხდომა გაგრძელდა იმავე წლის 6 მაისს. სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ამჯერად მოწინააღმდეგე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა, მაგრამ აპელანტმა იშუამდგომლა საქმის განხილვის გაგრძელება. ამ შემთხვევაში სასამართლომ სწორად მიიღო საქმეზე შემაჯამებელი განჩინება.

ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.