დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1064-1316-05 ას-1064-1316-05 20 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 8 აპრილს ლ. და ჟ. ძ-ძეებმა სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ლ. შ-აის მიმართ და მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1976წ. 10 ივლისს გარდაიცვალა გ. ძ-ძე, რომელსაც დარჩა შვილები: ს., გ. და თ. ძ-ძეები. მამკვიდრებელს მოძრავ ქონებასთან ერთად დარჩა უძრავი ქონებაც, კერძოდ, ქ.თბილისში, ... ქ. ¹8-ში მდებარე სახლის 48/270.
მემკვიდრეებმა, სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, მიიღეს სამკვიდრო ქონება, რომელიც არ გაუფორმებიათ.
მემკვიდრეთაგან ს. ძ-ძე გარდაიცვალა 1989 წელს, რომელსაც დარჩა მემკვიდრეები მეუღლე და სამი შვილი, გ. ძ-ძე - 1998 წელს, რომელსაც დარჩა მეუღლე და 2 შვილი, თ. ძ-ძე კი გარდაიცვალა 1998 წელს და დარჩა მეუღლე და შვილი. გარდაცვალების შემდეგ მათმა მემკვიდრეებმა მიიღეს კუთვნილი სამკვიდრო ქონება, მაგრამ არ გაუფორმებიათ.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გ. ძ-ძის სამკვიდროდან მოსარჩელეებსა და მოპასუხეს ეკუთვნოდათ 1/3. მოსარჩელეების განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ თ. ძ-ძის მეუღლე ლ. შ-ის გ. ძ-ძის სახლი გადაუფორმებია 2000წ. 11 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
მოსარჩელეები თვლიან, რომ გ. ძ-ძის სამკვიდროს 2/3 ს. და გ. ძ-ძეების საკუთრება გახდა 1976 წლიდან და სამკვიდრო უნდა გახსნილიყო შ-ის წილზე. მოსარჩელეებმა სარჩელით მოითხოვეს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 2000წ. 11 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობა 2/3 წილის ნაწილში და ამ ნაწილში სამკვიდრო აღირიცხოს ლ. და ჟ. ძ-ძეების სახელზე.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. და ჟ. ძ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2000წ. 11 ოქტომბერს ლ.შ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობიდან ამორიცხულ იქნა ქ.თბილისში, ... ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (წილობრივი მონაცემებით 48/270) 5/8 (2/8+3/8=5/8) და 2/8 აღირიცხა ლ. ძ-ძის, ხოლო 3/8 წილი - ჟ. ძ-ძის სახელზე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ძ-ძე წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... ქ.¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ძ-ძის, ხოლო შემდგომ მისი მეუღლის - მ. ც-ვას გარდაცვალების შემდგომ მათმა შვილებმა საცხოვრებელი სახლის 48/270-ის დაუფლების შემდეგ, აღნიშნულ ქონებაზე მოიპოვეს საკუთრების უფლება შემდეგი წილობრივი ოდენობით – გ. და თ. ძ-ძეებმა თითოეულმა _ 3/8, ხოლო ს. ძ-ძემ) 2/8. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ. და ჟ. ძ-ძეებმა მიიღეს თავიანთი მეუღლეების - ს. და გ. ძ-ძეეების დანაშთი ქონება, ხოლო, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. 26 დეკემბრის კანონი) 556-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დანაშთი ქონების ნაწილის მიღებით, ლ. და ჟ. ძ-ძეებმა მიიღეს მთელი ქონება, მათ შორის‚ ს. და გ. ძ-ძეების მიერ დაუფლებით მიღებული გ. ძ-ძის დანაშთი ქონების ნაწილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-იმ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. და ჟ. ძ-ძეების სარჩელს ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილ გ. და ს. ძ-ძეებს მიღებული ჰქონდათ გ. ძ-ძის მიერ დატოვებული სამკვიდრო და ამიტომ მათი მეუღლეები უნდა იქნენ ცნობილი მემკვიდრეებად, რადგან მიიჩნია, რომ არ დასტურდება მათ მიერ გ. ძ-ძის სამკვიდროს მიღების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ გ. და ს. ძ-ძეები ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში, არანაირი პრეტენზია სადავო სახლზე არ განუცხადებიათ და, კანონის შესაბამისად, არც სამკვიდრო მიუღიათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ჟ. ძ-ძეებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლი და არაობიექტურად შეაფასა საქმის მასალები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ს. და გ. ძ-ძეებს არ მიუღიათ გ. ძივძივაძის სამკვიდრო ქონება მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, ს. და გ. ძ-ძეების სამკვიდროს მიღების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. და ჟ. ძ-ძეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ¹8-ში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლის 48/270 ეკუთვნოდა გ. ძ-ძეს. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ გ. ძ-ძე გარდაიცვალა 1976 წელს, მას დარჩა სამი მემკვიდრე, კერძოდ, ს., რომელიც გარდაიცვალა 1989წ. 21 სექტემბერს, გ., რომელიც გარდაიცვალა 1998წ. 21 ნოემბერს და თ.ი, რომელიც გარდაიცვალა 1998წ. 15 მარტს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თ. ძ-ძე მამის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მის ბინაში და მიიღო სამკვიდრო, რადგან ის ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას და 2000წ. 11 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მემკვიდრედ ცნობილ იქნა თ. ძ-ძის მეუღლე ლ. შ-აი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ნაკვეთის 3/20-ის მესაკუთრედ აღრიცხულ იქნა ლ. შ-აი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს 1964წ. 26 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსი, რადგან მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების უფლება წარმოეშვათ გაუქმებული სამოქალაქო კოდექსის მოქმედების დროს სამკვიდროს გახსნის პერიოდში. კერძოდ, 1964წ. 26 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდრო ფაქტობრივად მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. ამავე მუხლის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი.
განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა ან მართვა. იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს მოცემული ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა ფლობდეს ქონებას. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება და მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
კასატორების (მოსარჩელეთა) მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება განხილულ იქნენ კანონით გათვალისწინებული ნორმით.
დავის საგანს წარმოადგენს სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა. კასატორები არ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე ისეთი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებასთან მიმართებაში, რომლითაც დასტურდება მათ მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა და მართვა ანუ მოქმედებები, რომლებიც განხორციელებულია სამკვიდრო მიღების მიზნით.
ამრიგად, უნდა არსებობდეს მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ნება და ამ მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ძ-ძისა და ჟ. ძ-ვაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.