გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1098-1344-05 11 აპრილი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 23 ივლისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შპს „ლ- 95-ის“ პარტნიორმა მ. ღ-ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების – დ. გ-ანის, მ. მ-შვილის, ი. თ-ძის, თანამოპასუხეების – „ჯ. გ. ე. მ. ვ. კ-ს“ თბილისის ფილიალისა და ქ.თბილისის ნოტარიუსის ნ. ხოფერიას წინააღმდეგ.
მოსარჩელე მ. ღ-ძემ, როგორც შპს „ლ- 95-ის“ პარტნიორმა და 29%-ის მფლობელმა, სარჩელი აღძრა შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
მოპასუხეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მათი კუთვნილი 50% წილის გასხვისების თაობაზე. წესდებაში მითითებული ნორმის შესაბამისად, 2004წ. 9 ივნისს, საზოგადოების დანარჩენ პარტნიორებს შესთავაზეს თავისი წილის შეძენა. მათ მიერ გაკეთებული ოფერტის მიხედვით 50% წილის ღირებულება განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით.
შპს „ლ- 95-ის“ წესდების 6.3 მუხლის თანახმად, წილის გასხვისების შემთხვევაში საზოგადოების დანარჩენ პარტნიორებს აქვთ გასაყიდი წილის შესყიდვის უპირატესი უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ იგივე ფასისა და პირობების შეთავაზების შემთხვევაში მათ ენიჭებათ უპირატესობა წილის შეძენისას, ვიდრე სხვა გარეშე (არაპარტნიორ) მესამე პირებს.
2004წ. 9 ივნისს მოსარჩელემ მიიღო ოფერტი, მოახდინა მისი აქცეპტირება, რის საფუძველზეც მოპასუხეებს შეატყობინა თანხმობის შესახებ. ამავე წერილით მან დათქვა ნეგატიური პირობა, რომ, თუ იგი ვერ შეასრულებდა ოფერტის პირობებს, თანხმობას გამოთქვამდა წილის მესამე პირებზე გასხვისების შესახებ. ამდენად, მხარეებს შორის დაიდო პირობითი გარიგება, რომლის შესასრულებლად მას მიეცა 14 დღე ხელშეკრულების გასაფორმებლად და 30 დღე წილის ღირებულების ასანაზღაურებლად.
მოპასუხეებმა ხელოვნურად გააჭიანურეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა 14 დღიი, ხოლო მოგვიანებით წამოაყენეს ახალი ოფერტი, რომელსაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და რის გამოც 2004წ. 9 ივნისს დადებული გარიგება დარჩა ძალაში. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებმა 2004წ. 13 ივლისს მოიწვიეს პარტნიორთა კრება, რომელსაც თითქოს თავადაც ესწრებოდა. პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება წილის მესამე პირზე გასხვისების შესახებ.
მოსარჩელის აზრით, პარტნიორთა კრების ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან კრება მოწვეული არ ყოფილა საზოგადოების დირექტორის მიერ; მოსარჩელე მოწვეული არ ყოფილა და არც კრების მუშაობაში მიუღია მონაწილეობა; კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, რადგან მას არ ესწრებოდა საწესდებო კაპიტალის ნახევარზე მეტის მფლობელი პარტნიორები.
2004წ. 14 ივლისის ხელშეკრულებით მოპასუხეებმა თავიანთი წილი მიჰყიდეს თანამოპასუხე «GGშ Mჭ-ს» თბილისის ფილიალს.
მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან ფილიალი არ არის იურიდიული პირი, მას არ შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენის შესახებ. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლო მხოლოდ სადავო კომპანიას.
ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსს არ შეუმოწმებია კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ან თუნდაც მინდობილობა, რომლითაც ფილიალის ხელმძღვანელს მინიჭებული ექნებოდა წილის შესყიდვის უფლებამოსილება.
მოსარჩელე თვლის, რომ წილის ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება დადებულია სათანადო უფლებამოსილების გარეშე და მისი ბათილად ცნობის ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად მიუთითა ის, რომ თანამოპასუხე არის არაკეთილსინდისიერი შემძენი _ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება მათ შორის წლების მანძილზე სხვადასხვა დავების არსებობას და ის, რომ მოპასუხე არის ბორჯომის მინერალური წყლის ჩამოსხმაზე ლიცენზიის მფლობელი მონოპოლისტი კომპანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, შპს „ლ- 95-ის“ წილის გასხვისება მოხდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებისა და საზოგადოების წესდების უხეში დარღვევებით.
მოპასუხეების დ. გ-ანის, ი. თ-ძის და მ. მ-შვილის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტეს, რომ შპს „ლ- 95-ის“ წილის გასხვისების დროს დაცული იყო კანონის მოთხოვნა წილის უპირატესი შესყიდვის თაობაზე. ასევე, სარჩელი არ ცნო «ჯ. გ. ე. მ. ვ. ქ-ის“ თბილისის ფილიალის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს მოპასუხეთა ოფერტის საფუძველზე 2004წ. 9 ივნისს მხარეთა შორის დაიდო გარიგება ნეგატიური პირობით, უსაფუძვლოა, რადგან გარიგების დადება ნიშნავს შეთანხმებას მის ყველა არსებით პირობაზე. წერილი გარიგებას არ წარმოადგენს და არის სკ-ის 517-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის დაიდებოდა ხელშეკრულება. მოსარჩელემ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით მოპასუხეთა მიერ დადგენილ ვადაში არ ისარგებლა და ეს გარემოება პარტნიორებს აძლევდა 50% წილის მესამე პირებზე გასხვისების უფლებამოსილებას.
წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია მხოლოდ ის გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში წილის უპირატესი შესყიდვის უფლებაც რომ დარღვეულიყო, იგი ვერ გახდბოდა მესამე პირთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
სკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის ფილიალი არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ანხორციელებს მის ფუნქციებს. ამდენად, სპეციალური ნებართვა ამა თუ იმ გარიგების დასადებად ფილიალს არ ესაჭიროებოდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ლ- 95-ის“ პარტნიორის მ. ღ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი შპს „ლ- 95-ის“ 2004წ. 13 ივლისის კრების გადაწყვეტილებები და 2004წ. 14 ივლისის ¹1-4369 წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ასევე, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილება და გაუქმდა ჩანაწერი სამეწარმეო რეესტრში, რომლის საფუძველზეც შპს „ლ- 95-ის“ საწესდებო კაპიტალის 50% წილი აღირიცხა შპს „ჯ. გ. ე. მ. ვ. ქ-ის“ სახელზე. მოსარჩელის მოთხოვნა წილის უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენისა და მისი საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხე შპს „ჯ. გ. ე. მ. ვ. ქ-ის“ თბილისის ფილიალის „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის» წარმომადგენელმა პ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.4 მუხლის შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ამავე კანონის 47.5 მუხლის თანახმად, დირექტორებს შეუძლიათ მოიწვიონ საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს.
მოცემულ შემთხვევაში 2004წ. 13 ივლისამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 2004წ. 5-6 ივლისს გარკვეული არ იყო, თუ ვინ შეისყიდიდა 50%-იან წილს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელე მ. ღ-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ პარტნიორთა კრებაზე იგი არ ყოფილა მოწვეული.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.3 მუხლით განსაზღვრულია, რომ პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. ასევე, სანოტარო დამოწმებაა საჭირო შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსმა ნ. ხ-ამ არ შეამოწმა წილის მყიდველის – შპს „ჯ. გ. ე. მ. ვ. ქ-ის“ თბილისის ფილიალის უფლებამოსილება და ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა „ნოტარიატის შესახებ“კანონის 49-ე მუხლის დარღვევით.
წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 2.2 მუხლში, რომელსაც ეწოდება „მყიდველის წარმომადგენლობა და გარანტიები“, ისევე, როგორც ხელშეკრულების სხვა მუხლებში, „მყიდველის“ უფლებამოსილების დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი მითითებული არ არის.
სკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ვინაიდან წილის გასხვისებისათვის სავალდებულოა პარტნიორთა თანხმობა, რასაც კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა, შპს „ლ- 95-ის“ საწესდებო კაპიტალის 50% წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები საქმეში არ მოიპოვება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის» წარმომადგენელმა პ. კ-ემ.
კასატორის აზრით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინება არასწორია. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა სკ-ის 517-518-ე მუხლები, რომლებიც უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებენ. უფრო მეტიც, სკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით სასამართლომ ამ ნაწილში საერთოდ არ უპასუხა სააპელაციო საჩივარს. ასევე, სააპელაციო სასამართლომ ვერ მიუთითა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
კასატორის აზრით, მ. ღ-ძის სარჩელი დაუშვებელია, რაც სკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველია.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ლ- 95-ის“ დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენენ მოსარჩელე მ. ღ-ძე – საწესდებო კაპიტალის 29%-ის მფლობელი, მოპასუხეები დ. გ-ანი – 20%-ის, ი. თ-ძე – 20%-ისა და მ. მ-შვილი _ 10%-ის მფლობელები, ასევე, თ. ო-ძე – 10%-ის, ჯ. დ-ძე – 10%-ისა და გ. ქ-შვილი – 1%-ის მფლობელები.
მ. ღ-ძე 2005წ. ივნის-ივლისში იყო და ამჟამადაც არის შპს „ლ- 95-ის“ დირექტორი.
საზოგადოების პარტნიორებმა დ. გ-ანმა, მ. მ-შვილმა და ი. თ-ძემ 2004წ. 9 ივნისს საზოგადოების დანარჩენ პარტნიორებს შეატყობინეს თავისი კუთვნილი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ 200000 აშშ დოლარად.
მ. ღ-ძის შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ წილის შემსყიდველი პარტნიორის მიერ წილის შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში უნდა შემდგარიყო წილის დათმობის ხელშეკრულება. წილის საფასურის გადახდა კი უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში. წილზე საკუთრების უფლების გადაცემა და მისი ღირებულების გადახდა იწარმოებდა ერთდროულად, თანხის ერთობლივი საბანკო დეპოზიტზე შეტანით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ ბანკის მიერ თანხის გაცემა წილის გამსხვისებელ პარტნიორზე მოხდებოდა მხოლოდ შემძენის სახელზე წილის გადაფორმების შემდგომ.
ამავე შეტყობინების თანახმად, მოსარჩელეს წილის უპირატესი შესყიდვის შეთავაზებაზე უარი ან თანხმობა უნდა გამოეთქვა 2004წ. 24 ივნისამდე. თუ ამ ვადაში მოსარჩელე შეთავაზებაზე თავის პოზიციას არ გამოხატავდა, ჩაითვლებოდა, რომ მან უარი განაცხადა წილის შესყიდვის უპირატესი უფლების განხორციელებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2004წ. 7 ივლისს მ. ღ-ძემ კვლავ მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმად მას მოპასუხეებთან ერთად სადეპოზიტო ანგარიში უნდა გაეხსნა „რესპუბლიკა ბანკში», 2004წ. 10 ივლისამდე შეეტანა 50% წილის საფასური ან საბანკო გრანტის თუ სხვა მისაღები ფორმით დაედასტურებინა წილის შესყიდვის სურვილი და შესაძლებლობა.
შეტყობინება მ. ღ-ძეს ჩაბარდა 2004წ. 8 ივლისს და მან შეტყობინებაზე გააკეთა მინაწერი იმის შესახებ, რომ მოპასუხეთა ამ დამატებით პირობას არ ეთანხმებოდა. ამის შემდეგ მოპასუხეთა წილი გასხვისდა შპს „ჯ. გ. ე. მ. ვ. ქ-ის“ სახელზე.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაზიარებელია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მოსაზრება მ. ღ-ძის იურიდიული ინტერესის თაობაზე დაუსაბუთებელია. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებისა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. აღნიშნული სარჩელი თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია შპს „ლ- 95-ის“ საწესდებო კაპიტალის 50% წილის უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა, რაც მან სარჩელითაც მოითხოვა. მოცემულ შემთხვევაში გასაზიარებელია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია აღნიშნული გარემოება განხილულ იქნეს როგორც მხარის იურიდიული ინტერესი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარიგების დადებისას ნოტარიუსმა დაარღვია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი, რადგან არ იქნა შემოწმებული ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. სკ-ის 28-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირის ფილიალი არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ახორციელებს მის ფუნქციებს. თუ აღნიშნულ ფილიალს არ გააჩნდა უფლებამოსილება და ისე დადო გარიგება, გარიგების ნამდვილობა, სკ-ის 111-ე მუხლიდან გამომდინარე, დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის ნებაზე და მხოლოდ მას შეუძლია გახადოს სადავოდ მითითებული საკითხი.
სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარიგება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგო გარიგებად, როდესაც მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. გასაჩივრებულ განჩინებაში კი მითითებული არ არის, თუ კანონით დადგენილი რომელი წესი და აკრძალვები დაირღვა სადავო გარიგებაში გამოხატული მხარეთა ნებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის განხილვისას გარიგება უნდა შეფასდეს ამ კრიტერიუმის შესაბამისად და არა იმის მიხედვით, სწორად შეასრულა თუ არა ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედება.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა უნდა იმსჯელოს, ირღვევა თუ არა მხარეთა შორის დადებული გარიგებით რომელიმე კანონის მოთხოვნა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
იგივე უნდა ითქვას პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზეც. იმ შემთხვევაში, თუ წილის გასხვისება მოხდა საზოგადოების წესდებით ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათილად. სასამართლოს კი გარიგებაზე ამ მიმართებით არ უმსჯელია.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მოცემულ სარჩელთან მიმართებაში. ასევე შეფასება უნდა მიეცეს მთელ რიგ მტკიცებულებებს, მათ შორის, მ. ღ-ძის მიერ 2004წ. 9 ივნისს დადასტურებულ თანხმობას და შპს „ლ- 95-ის“ საწესდებო კაპიტალის 50% წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გასხვისების პროცედურის თაობაზე ¹124009/04 წერილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი, თანახმად სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
„ს. მ. და მ. წ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.