დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.03.2013
საქმის ნომერი
2კ-799-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№7991-13 26 მარტი, 2013 წელი

ბ-ა მ., 7991-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ – დ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ას საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განაჩენით მ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით, ხოლო 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. ბ-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 დეკემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ბ-ას ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. ბ-ას განესაზღვრა 6 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს განჩინების გაუქმებას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გამოყენებასა და მისთვის საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ბ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით შემცირება კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ მას ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ ქალებზე, რომელთა ქმედებასაც არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე