გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-1147-1394-05 18 აპრილი, 2006 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
კასატორი – ფირმა «ო. ლ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი – არჩილ კბილაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ. ნ-ი “ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – პ. ლ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – მომსახურების ხარჯებისა და საჯარიმო თანხების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 22 მაისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სსიპ „ფ. ნ-მა“ მოპასუხე შპს „კ-ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „კ-ისათვის“ გემების – „ს-ისა“ და „ა-ის“ ნავსადგურში დგომის საფასურის 2462,50 ლარისა და 124212,14 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაუდო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1994 წლის 8 დეკემბერს ფ. ნ-ში შევიდა გემი „ს-ი“, 1995 წლის 1 იანვარს კი გემი – „ა-ე“. ამ პერიოდიდან მოყოლებული, გემები ასრულებდნენ მცურავი საწყობის ფუნქციას, რის გამოც ისინი ფ. ნ-ს უხდიდნენ გაწეული სამსახურისათვის სხვადასხვა მოსაკრებელს. 1996 წლის 30 აპრილიდან სასარჩელო განცხადებით მომართვის დღემდე კი შპს „კ-ას“, მიუხედავად არაერთი მიმართვისა არ გადაუხდია მომსახურების ხარჯები, რის გამოც თბომავალ „ს-ის“ ნავმისადგომის მოსაკრებელმა შეადგინა 43014,92 აშშ დოლარი, ხოლო გემი „ა-ის“ – 81203,22 აშშ დოლარი. ამავე დროს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე მხარის საბანკო ანგარიშების, ნავსადგურის ტერიტორიისა და მის სარეჟიმო ტერიტორიაზე არსებული ქონების დაყადაღება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „კ-ის“ ქონებას, მათ შორის მის ტერიტორიაზე არსებულ გემებს – „ს-სა“ და „ა-ეს“. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შპს „კ-ის“კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2001 წლის 2 ნოემბერს სსიპ „ფ. ნ-მა“ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა გემების დგომის საფასურის დაკისრება მოპასუხისათვის, გემ ს-ზე“ – 2 064 322, 81 აშშ დოლარი, ხოლო გემ „ა-ეზე“ კი 4 650 959 აშშ დოლარი, სულ 6 715 283 აშშ დოლარის ოდენობით.N
შპს „კ-ის“ შუამდგომლობის საფუძველზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს ,,კ-ი” ცნობილი იქნა არასათანადო მოპასუხედ იმ მოტივით, რომ გემი „ს-ი“ არასოდეს ყოფილა შპს „კ-ის“ საკუთრებაშიM, ხოლო გემი„ ა-ე“ 1995 წლიდან 1999 წლამდე ბერბოუტ-ჩარტერის პირობით აყვანილი ჰყავდა ფირმა „გ-ს“, რომელიც 1999 წელს მიეყიდა ფირმა „ქ. ჰ-ს“.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 25 აპრილის განჩინებით გემ „ა-ის“ საკითხზე საქმეში ჩაბმულ იქნა იტალიის ფირმა „გ-ი“ და ფირმა „ქ. ჰ-ი“, ხოლო გემი „ს-ის“ საკითხზე კი 2002 წლის 26 აპრილს ფ. ნ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება მისი უპატრონოდ ცნობის შესახებ.
2002 წლის 14 აგვისტოს წერილით ფირმა „ო. ლ-მა“ განაცხადა თავისი უფლება როგორც გემ „ა-ეზე“, ასევე გემ „ს-ზე“, აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარადგინა 2002 წლის 21 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მას და ფირმა „დონ-კარგოს“ შორის გემ „ს-ზე“ და 2002 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება ფირმა „ქ. ჰ-თან“ გემ „ა-ეზე“.
განცხადება „ს-ის“ უპატრონოდ ცნობის შესახებ კი გადაიქცა ჩვეულებრივ სასარჩელო წარმოებად მოპასუხე ფირმა „ო. ლ-ის“ მიმართ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო გემებს – „ს-სა“ და „ა-ეს“ და, შესაბამისად, გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2002 წლის 27 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული საქმეები („ს-ისა და „ა-ის“) გაერთიანდა და იგი განსახილველად გადაეცა სხვა მოსამართლეს. 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კი შპს „ო. ლ-ი“ სსიპ „@ფ. ნ-ის“ 2002 წლის 3 დეკემბრის განცხადების საფუძველზე საქმეში ჩაბმულ იქნა თანამოპასუხედ.
ფოთის საქალაქო სასამართლომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნამ შეადგინა 6 715 283 აშშ დოლარი, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, ხოლო „ფ. ნ-ის“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად დაფუძნების გამო, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 მაისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით (მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე) მოცემული საქმიდან მოპასუხეთა სიიდან ამორიცხულ იქნენ ფირმა „გ-ი“ და ფირმა „ქ. ჰ-ი“.
სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა 2 900 694 აშშ დოლარით და მოითხოვა 9 615 977 აშშ დოლარის გადახდა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოცემული საქმის არსებითად განხილვისას მოსარჩელე შპს „ფ. ნ-ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ გემები – „ს-ი“ და „ა-ე“ ნავმისადგომში დგანან 1996 წლიდან. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1998 წლის 16 ივლისის ¹48 ბრძანების „საქართველოს ნავსადგურებში მცურავი საშუალებების ტარიფების“ მე-17 მუხლის თანახმად, მათ დაერიცხებათ ნავმისადგომთან დგომისათვის ტარიფი 0.0104 აშშ დოლარი მოცულობის 1 კუბურ მეტრზე ყოველ საათში. აღნიშნული გემების მესაკუთრე კი 2002 წლის 21 და 23 ივლისს ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ფირმა „ო. ლ-ი“, რის გამოც მას როგორც გემების მესაკუთრეს უნდა დაეკისროს 1996 წლიდან 2005 წლამდე გემების დგომის საფასურის გადახდა. „საზღვაო კოდექსის“ 82-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, „ყოველი გემი ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე გადაიხადოს ჯარიმა“. ნავსადგურს გააჩნია გემის დაკავების უფლება და კანონი ამაზე პირდაპირ მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს შპს „ფ. ნ-ის“ სასარგებლოდ 9 615 977 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
მოპასუხემ ფირმა „ო. ლ-ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანება გემ «ა-ეზე“ და გემ „ს-ზე“ წარმოიშვა 1996 წლის 30 აპრილიდან. ფირმა „ო. ლ-მა“ გემი „ა-ე“ შეიძინა 2002 წლის 23 ივლისს, ხოლო გემი „ს-ი“ კი 2002 წლის 21 ივლისს. მაშასადამე, დავალიანების წარმოშობის პერიოდში ფირმა „ო. ლ-ი“ არც ზემოხსენებული გემების მესაკუთრეს და არც მათ მფლობელს არ წარმოადგენდა, ხოლო მოსარჩელის განცხადება, რომ მათ მიერ აღნიშნული გემების შეძენისას ისინი უფლებრივად დატვირთული იყვნენ, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფ. ნ-ის მოთხოვნა გემების ნავმისადგომებთან დგომის საფასურის გადახდის შესახებ ვერ ჩაითვლება უფლებრივ ნაკლად, ვინაიდან ეს მოთხოვნა დღემდე დადასტურებული არ არის. საქართველოს საზღვაო კოდექსის 201-ე მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ გემის შენახვისა და შეკეთების ხარჯები ეკისრება დამფრახტველს ანუ დამქირავებელს. ფირმა „ო. ლ-ი“ კი არც აღნიშნული გემების დამფრახტველი და არც სხვაგვარი მფლობელი არ იყო დავალიანების წარმოშობის პერიოდში. გემები „ს-ი“ და „ა-ე“ დღემდე არ ტოვებენ ნავსადგურის ნავმისადგომს არა საკუთარი მიზეზით, არამედ იმ მიზეზით, რომ ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ორივე მათგანი დაყადაღებულია, ხოლო მათი არაერთი მოთხოვნა, გემების ყადაღის მოხსნისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რის გამოც არა აქვთ საშუალება გადაიყვანონ ისინი სხვა ნავმისადგომებზე, ჩაუტარონ მათ რემონტი ან სხვაგვარად განკარგონ მათი კუთვნილი ქონება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ფ. ნ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ფირმა „ო. ლ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 727 311 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის გადახდევინების თაობაზე 1998 წლის 22 მაისამდე ხანდაზმულია, ვინაიდან მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1996 წლის 30 აპრილს, სარჩელი კი აღძრა სასამართლოში 2001 წლის 22 მაისს, ხოლო 1998 წლის 22 მაისიდან 2005 წლის 30 ივნისამდე მოთხოვნა 6 7827 311 აშშ დოლარზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო კოლეგიამ სკ-ის 489-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2002 წლის 21 და 23 ივლისს შეიძინა სადავო გემები, რომლებიც წარმოადგენდნენ ნაკლიან ნივთებს, ვინაიდან აღნიშნულ გემებს ფ. ნ-ში დგომისა და მომსახურებისათვის 1996 წლის 30 აპრილიდან გადასახდელად ერიცხებოდათ თანხები. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნივთის ნაკლი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ ნივთის გირავნობით ან იპოთეკით დატვირთვის ფაქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს საზღვაო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, ნავსადგურს, დადგენილი გადასახადებისა და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში გააჩნია გემის დაკავების უფლება, რაც ისევე როგორც გირავნობა და იპოთეკა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებია და მიუთითებენ გემების უფლებრივ ნაკლზე.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ სამართლის ანალოგიით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის 18-ე და 19-ე თავების ნორმები (მიბარება და მიბარება სასაქონლო საწყობში).
სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 763-ე, 764-ე და 776-ე მუხლებით და მიიჩნია, ვინაიდან მიმბარებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და არ იხდის ნივთის შენახვისათვის სათანადო გასამრჯელოს, შემნახველი უფლებამოსილია დააკავოს ნივთი. შემნახველი უფლებამოსილია დააკავოს ნივთი მაშინაც, როცა მიმბარებელმა ეს ნივთი გაასხვისა. ნივთის დაკავების უფლება ქონებრივი ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებაა და, აქედან გამომდინარე, დაკავებული ნივთის მიმართ მხარეები გამოიყენებენ გირავნობის შესაბამის ნორმებს, რომლის დამატებითი რეგისტრაცია კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს შეძენილი გემების უფლებრივი ნაკლის შესახებ პრეტენზია არ წარუდგენია გამყიდველებისათვის – „დონ კარგოსა“ და „ქ. ჰ- ლიმითედისათვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე გასულია პრეტენზიის განცხადების კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ვადა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გემების მესაკუთრეთა ვალდებულებები მთლიანად გადმოვიდა მოპასუხეზე და იგი არის ვალდებული მოსარჩელეს გადაუხადოს გემების დგომის, მომსახურებისა და ჯარიმის თანხა.
მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „საზღვაო კოდექსის“ 201-ე მუხლის საფუძველზე ფირმა „გ-ია“ ვალდებული გადაიხადოს გემი „ა-ის“ ნავსადგურში დგომისა და მომსახურების ხარჯები, ვინაიდან აღნიშნული ფირმაა ამ გემის დამფრახტავი, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების მე-2 მუხლის თანახმად, გემისათვის გაწეული ყოველგვარი მომსახურების ტარიფები გადამზიდავმა (გემთმფლობელმა, დამფრახტავმა) უნდა გადაიხადოს გემის ნავსადგურიდან გასვლამდე. ნავსადგურის კაპიტანი უფლებამოსილია არ გასცეს გემის ნავსადგურიდან გასვლის ნებართვა მომსახურების ტარიფის ან ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ხოლო აღნიშნული გემის მესაკუთრე „ქ. ჰ- ლიმითედი“, ვისგანაც მოპასუხემ შეიძინა გემი „ა-ე“, ითვლებოდა გემთმფლობელად.
სასამართლო კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლომ 2002 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „კ-ი“ ცნო არასათანადო მოპასუხედ და ეს განჩინება კანონიერ ძალაშია, შესაბამისად, სათანადო მოპასუხე არა შპს «კ-ი,» არამედ ფირმა „გ-ია.“ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ განჩინებას არა აქვს პრეიდიციული ძალა, რადგან იგი უკანონოდ გამოტანილია არაგანსჯადი სასამართლოს მიერ.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ გემები ნავსადგურში არ დგანან მოპასუხის მიზეზით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საზღვაო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ნავსადგურის კაპიტანს გემების დაკავების უფლება ჰქონდა მხოლოდ სამი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო მას შემდეგ – 1998 წლის 30 აპრილიდან გემების დგომა ნავსადუგრში არის გემთმფლობელების მიზეზით. მოპასუხეს, გემების შეძენის შემდეგ, 2002 წლის 21-23 ივლისს, სამი დღის იძულებითი დაკავების შემდეგ სრული უფლება ჰქონდა გაეყვანა გემები, ხოლო 2002 წლის 3 სექტემბრიდან გემები დაყადაღებულია თანხის გადაუხდელობის გამო და ისევე მოპასუხის მიზეზით დგას ნავსადგურში. აღნიშნულის გამო, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნავსადგურის დაკავებისათვის სადავო თანხის გაანგარიშება უნდა მოხდეს ტრანსპორტის სამინისტროს დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის თანახმად, „F“ ტიპის გემები, რომლებიც საკუთარი მიზეზით არ ტოვებენ სატვირთო ნავმისადგომს, ნავმისადგომის დაკავებისათვის იხდიან 0,0104 აშშ დოლარს მოცულობის 1 მ3-ზე ყოველ საათში. სასამართლომ ასევე აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია თანხის გაანგარიშების საკუთარი ვარიანტი, სასამართლო კოლეგია მოკლებულია შესაძლებლობას თვითონ გადაამოწმოს გაანგარიშების სიზუსტე.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელემ შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად თანხის ანაზღაურებისა, მოითხოვა გემების გადაცემა, მას აღარ აქვს უფლება მოითხოვოს თანხის ანაზღაურება. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 428-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო რა შესრულება „ნოვაციის“ წესითაც, იგი დაუბრუნდა ისევ შესრულების იმ წესს, რომელიც თავიდან ჰქონდა მოთხოვილი – თანხის ანაზღაურებას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნის შეცვლად.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:
1. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის მე-18-19 თავები, ვინაიდან სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ანალოგიით. გემებთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, საზღვაო კოდექსით, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი განკარგულებებით და ა.შ;
2. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლი;
3. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფოთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 აპრილის განჩინებას და მიიჩნია, რომ იგი უკანონოდ არის გამოტანილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი;
4. რაც შეეხება ტარიფის დაანგარიშების სიზუსტეს, მოპასუხის მიერ ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ იგი არ არის სათანადო პირი, რომელმაც დავალიანება უნდა გადაიხადოს, მეორეც დავალიანების დარიცხვა აშკარად შეუსაბამოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გემი ,,ა-ე” 1995 წლის მარტამდე იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საკუთრებაში. 1995 წლის მარტიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა შპს ,,კ-ის” საკუთრებაში. 1995 წლის 10 მარტს შპს ,,კ-მა” ბერბოუტ-ჩარტერის» ხელშეკრულებით გემი გადასცა კომპანია ,,გ-” ხუთი წლის ვადით. 1999 წლის 25 თებერვალს კი მიყიდა ,,ქარვილ ჰოლდიგნს’’ იმ საფუძვლით, რომ ნავსადგურთან სამართლებრივ ურთიერთობაში იყო ფირმა ,,გ-ი’’, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს ,,კ-ი” ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ, ხოლო სათანადო მოპასუხეებად მიჩნეულ იქნა ფირმა „გ-ი’’. ამავე სასამართლოს 2002 წლის 25 აპრილის განჩინებით გემი „ა-ის საკითხზე“ საქმეში ჩაბმულ იქნა იტალიის ფირმა „გ-ი“ და ფირმა „ქ. ჰ-ი“.
დადგენილია, რომ დავალიანების წარმოშობის პერიოდში მოპასუხე არ იყო სადავო გემების არც მესაკუთრე და არც მფლობელი. სადავო გემები მოპასუხემ შეიძინა 2002 წელს, სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, რის საფუძველზეც ჩაება საქმეში თანამოპასუხედ. კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სათანადო მოპასუხედ მიჩნეული ფირმა „გ-ისა“ და ფირმა „ქ. ჰ-ის’’ მიმართ მოსარჩელემ მოხსნა მოთხოვნა და 1996 წლიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდა მოითხოვა ახალი მესაკუთრისაგან, ფირმა ,,ო. ლ-ისაგან’’.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. დადგენილ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის Dშესახებ, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. აბსოლუტური (სანივთო) უფლებებისაგან განსხვავებით, სადაც უფლებამოსილ პირს შეუძლია ნებისმიერი ხელმყოფისაგან თავის დაცვა, ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ვალდებულებითი ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას კერძო პირთა შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ხელშეკრულების გარდა, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები შეიძლება პირდაპირ კანონით იყოს გათვალისწინებული (სკ-ის 317-ე მუხლი).
მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს კანონს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 487 –ე, 489-ე მუხლს და საზღვაო კოდექსის 82-ე მუხლს. სკ- ის მითითებული მუხლების თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. აღნიშნული ნორმები მიუთითებენ გამყიდვლის ვალდებულებაზე – გადასცეს მყიდველს უნაკლო ნივთი და მყიდვლის უფლებაზე (და არა ვალდებულებაზე), მოითხოვოს უნაკლო ნივთი. რაც შეეხება, მესამე პირს, მას შეუძლია პრეტენზია განაცხადოს მხოლოდ გაყიდული ნივთის მიმართ. ეს ის შემთხვევაა, როცა ნივთი დატვირთულია მესამე პირის სანივთო ან ვალდებულებითი უფლებებით. შესაძლებელია, ასევე მესამე პირმა განაცხადოს ამ ნივთზე საკუთრების უფლება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე პრეტენზიას ნივთის მიმართ კი არ აცხადებს, არამედ მოითხოვს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც გამყიდველს ჰქონდა მოსარჩელის მიმართ. საოლქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გემების მესაკუთრეთა ვალდებულებები მთლიანად გადმოვიდა შემძენზე, არასწორია, ვინაიდან, ასეთი ვალდებულების წარმოშობის კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე ვერც მოსარჩელე და ვერც სასამართლო ვერ მიუთითებს. მოსარჩელე ასევე არ მიუთითებს მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულებებზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები.
საქართველოს საზღვაო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი გემი, განურჩევლად ალმისა და კუთვნილებისა, ვალდებულია ნავსადგურიდან გემის გასვლამდე ნავსადგურის კაპიტნისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი ნებართვა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნავსადგურის კაპიტანი არ გასცემს ნავსადგურიდან გემის გასვლის ნებართვას, თუ გადაუხდელია დადგენილი გადასახდელი ან ჯარიმა.
მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები იყოფიან უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით – სამართლებრივ საშუალებად. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს მიეკუთვნება გირავნობა და იპოთეკა. კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს სახელშეკრულებო გირავნობასა და კანონისმიერ გირავნობას. სახელშეკრულებო გირავნობის დროს მხარეები ცალკე ხელშეკრულებას დებენ გირავნობის თაობაზე, ხოლო კანონისმიერი გირავნობის შემთხვევებს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს (სკ-ის 568-ე, 634-ე, 776-ე მუხლები და ა,შ. ასევე, საზღვაო კოდექსის 82-ე მუხლი ). ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის მონაწილეებს შორის შეთანხმება სავალდებულო არ არის.
ორმხრივი ვალდებულების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, პირს (კრედიტორს), რომელიც მართლზომიერად ფლობს სხვის ქონებას, უფლება აქვს დააკავოს მისი გადაცემა მოვალის მიერ ამ ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებამდე. ნივთის დაკავების უფლება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა და გამოიხატება კრედიტორის მიერ მოვალის ქონების დაკავებაში იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, რომლის შესრულების ვადა უკვე დადგა. ამიტომ, დაკავებული ნივთის მიმართ გამოიყენება გირავნობის შესაბამისი ნორმები.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის ნივთი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
გირავნობის ურთიერთობა წარმოიშობა დამგირავებელსა და მოგირავნეს (კრედიტორს) შორის. დამგირავებელი შეიძლება იყოს როგორც პირადი მოვალე, ისე მესამე პირი – დაგირავებული საგნის მესაკუთრე. დამგირავებელი შეიძლება იყოს გირაოს არამესაკუთრეც. კრედიტორს უფლება აქვს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე. მოგირავნის მოთხოვნა დაუკმაყოფილებელ ნაწილში ძალაში რჩება პირადი მოვალის მიმართ, და არა იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის პირადი მოვალე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსახილველ საქმეზე მოდავე მხარეებს შორის გირაოს თაობაზე ხელშეკრულება არ დადებულა, მოპასუხე არ არის მოსარჩელის პირადი მოვალე, შესაბამისად, მოსარჩელეს, პირადი მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო თავისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა გირაოს საგნის ღირებულების ფარგლებში, გირაოს საგნის რეალიზაციით. მოსარჩელე დაგირავებული ქონების რეალიზაციას კი არ ითხოვს, არამედ მოითხოვს ვალდებულების შესრულებას მესამე პირისაგან, რომელიც არ არის მისი პირადი მოვალე. ხოლო პირადი მოვალის მიმართ მოსარჩელემ მოხსნა მოთხოვნა.
გირავნობა ყოველთვის აქცესორულია. იგი არ არის დამოუკიდებელი ურთიერთობა. გირავნობა წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ვალდებულება (მოთხოვნა). თუ ასეთი ვალდებულება არ არსებობს, მაშინ არც გირავნობა არ წარმოიშობა და არა პირიქით. ნავსადგურის კაპიტნის მიერ სადავო გემების დაკავების ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, ვალდებულება უნდა არსებობდეს. მოცემულ საქმეზე მოპასუხის ვალდებულება 1996 წლიდან მომსახურების ხარჯებისა და საჯარიმო თანხების გადახდის თაობაზე არ დასტურდება.
საზღვაო კოდექსის 201–ე მუხლის თანახმად, დამფრახტველი ვალდებულია გაიღოს გემის შენახვისა და შეკეთების ხარჯები. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების მე-2 მუხლის თანახმად, გემისათვის გაწეული ყოველგვარი მომსახურების ტარიფები გადამზიდავმა (გემთმფლობელმა, დამფრახტავმა) უნდა გადაიხადოს გემის ნავსადგურიდან გასვლამდე.
დადგენილია, რომ გემი ,,ა-ის’’ მფლობელი იყო შპს ,,კ-ი’’ 1999 წლამდე, 1999 წლიდან კი „ქ. ჰ- ლიმითედი“, ხოლო აღნიშნული გემის დამფრახტველი იყო ფირმა ,,გ-ი’’. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნავსადგურთან სამართლებრივ ურთიერთობაში იყო დამფრახტველი ფირმა ,,გ-ი’’. რაც შეეხება გემ ,,ს-ს’’, მისი მესაკუთრე იყო ფირმა ,,დონ–კარგო’’. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხე დავალიანების წარმოშობის პერიოდში არც გემთმფლობელი და არც დამფრახტველი არ ყოფილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზო ლ უ ცი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ფირმა ,,ო. ლ-ის’’ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს ,,ფ. ნ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
შპს ,,ფ. ნ-ს” დაეკისროს ფირმა ,,ო. ლ-ის” სასარგელოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.