დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 31.05.2023
საქმის ნომერი
ბს-441(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.05.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-441(კ-21) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა „ე...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 23 ივლისს „ე...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ მიმართ.

მოსარჩელემ, „პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ 2019 წლის 20 ივნისის №3726/2 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგენილი განაცხადით სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემის თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით „ე...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 24 ოქტომბერს ე...მა საქპატენტში წარადგინა №14612/1 განაცხადი, რომლითაც მოითხოვა ...ზე, როგორც გამოგონების ობიექტზე, პატენტის გაცემა. 2017 წლის 19 დეკემბერს საქპატენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ ე...ის №14612/1 განაცხადი აკმაყოფილებდა ფორმალურ მოთხოვნებს.

2018 წლის 25 ივნისს არსობრივი ექსპერტიზის სტადიაზე საქპატენტის ექსპერტების გ. კ-ეის და ვ. გ-ეის მიერ საერთაშორისო კომერციული და არაკომერციული საპატენტო ბაზების, ასევე, არასაპატენტო (მაგ. სამეცნიერო) ლიტერატურის ბაზების გამოყენებით ჩატარდა ძიება, რის შედეგად გამოვლენილია შემდეგი დოკუმენტაცია: 1) D1- GB 190213388 A, (WENKE JOHANN ERNST [DE]), 23.04.1903; 2) D2 - RU 2571047 C2, RU (... [GB1]), 20.12.2015; 3) D3 - SU 1802691 A3, (В. А. Барзам [SU]), 15.03.1993.

ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების და მათ კომბინაციების ერთობლიობაში განხილვით: D1 D2; D1-D3 და D2-D3, კერძოდ, მათში აღწერილი ობიექტების დამახასიათებელი ზოგიერთი კონსტრუქციული არსებითი ნიშნის კომბინაციის თვალსაზრისით, იქმნებოდა სრული შთაბეჭდილება, რომ სასარგებლო მოდელის დამახასიათებელ არსებით ნიშანთა ერთობლიობა იყო არსებული ტექნიკის დონის შედეგი, რადგან არ ჩანდა აშკარად შესამჩნევი განსხვავება მათ შორის და დარგის სპეციალისტს, დაპირისპირებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და დარგში არსებული ზოგადი ცოდნიდან გამომდინარე, შეეძლო განეხორციელებინა ... იმ კონფიგურაციით, როგორც ის იყო გადმოცემული სასარგებლო მოდელის ფორმულაში, რადგან ნათელი იყო ამოცანა, რომელიც უნდა გადაჭრილიყო, ნათელი იყო ამ ამოცანის გადაჭრის გზა, და თვალსაჩინო იყო, რომ ასეთი გადაწყვეტის გამოყენებით მას შეეძლო განეჭვრიტა გარანტირებული შედეგი.

აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, 2018 წლის 6 აგვისტოს საპატენტო კანონის 712 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ე...მა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელა გამოგონებაზე №14612/1 განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად, რის შემდგომაც სასარგებლო მოდელის განაცხადს მიენიჭა ახალი ნომერი - .... გარდა ამისა, განაცხადის გარდაქმნის შემდეგ, საქპატენტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაცვის ობიექტი დადგენის შესახებ.

ექსპერტებმა გ. კ-ეემ და ვ. გ-ეემ მოხსენებითი ბარათით (წინადადებით) მიმართეს საქპატენტის ...ის მოვალეობის შემსრულებელს - მ. ფ-ეს, მასზედ, რომ მათ №... განაცხადზე ტექნიკის დონის კვლევის შედეგად გამოვლენილი დოკუმენტაციით შეექმნათ სრული შთაბეჭდილება, რომ სასარგებლო მოდელის ობიექტი სპეციალისტისთვის ცხადად გამომდინარეობდა ტექნიკის არსებული დონიდან და შესაბამისად არ აკმაყოფილებდა საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, რის გამოც ექსპერტების მხრიდან მოთხოვნილ იქნა საგამომგონებლო დონის შეფასება.

2019 წლის 20 ივნისს წელს საქპატენტის მიერ საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გ. კ-ეისა და ვ. გ-ეის მიერ შედგენილ იქნა არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ე...ის განაცხადით დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელის ობიექტი - ... აკმაყოფილებდა სიახლის პატენტუნარიანობის კრიტერიუმს, თუმცა არ აკმაყოფილებდა საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს. აღნიშნულ სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზისას მხედველობაში მიღებული იქნა გამოვლენილი ტექნიკის დონის D1-D3 დოკუმენტები, რომელთა მიმართაც მოცემული სასარგებლო მოდელის ობიექტი ვერ აკმაყოფილებდა პატენტუნარიანობის ისეთ კრიტერიუმს, როგორიცაა „საგამომგონებლო დონე“.

ჩატარებული არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე „საქართველოს საპატენტო კანონის“ 42-ე მუხლის თანახმად, საქპატენტის 2019 წლის 20 ივნისის №3726/2 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა წარდგენილი განაცხადით სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარემ არსებითად სწორად წარმართა წარმოების პროცედურები. მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიერ გარდაქმნილი განაცხადის განხილვისას სასარგებლო მოდელის კრიტერიუმი - საგამომგონებლო დონე ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, ასევე, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, შეემოწმებინა გამოგონებისთვის გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტებით, მოცემულ შემთხვევაში, გამოგონების განაცხადის განხილვისას წინასწარი ძიების შედეგად მოპოვებული გამოგონების შესახებ უცხო ქვეყნის მასალებით: 1) D1- GB 190213388 A, (WENKE JOHANN ERNST [DE]), 23.04.1903; 2) D2 - RU 2571047 C2, RU (... [GB1]), 20.12.2015; 3) D3 - SU 1802691 A3, (В. А. Барзам [SU]), 15.03.1993. მითითებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე, 2019 წლის 20 ივნისს არსობრივი ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გამოგონება სპეციალისტისათვის (ექსპერტისთვის) ცხადად გამომდინარეობდა ტექნიკის დონიდან. ექსპერტებმა გამოიტანეს დასაბუთებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებდა საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, რაც „საქართველოს საპატენტო კანონის“ 711-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამორიცხავდა 06.08.2018 წლის განაცხადით წარდგენილი სასარგებლო მოდელის ობიექტზე პატენტის გაცემის საფუძველს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა „ე...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით ე...ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა ისინი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა „ე...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქპატენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება შემოეღო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის ექსპერტიზის დამატებითი პროცედურა - წინასწარი ძიება და ამ ძიების საფუძველზე პატენტუნარიანობაზე (სიახლე, საგამომგონებლო დონე) დასკვნის შედგენა, რომელსაც დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საქპატენტი ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, მას არ აქვს უფლებამოსილება, დაადგინოს ახალი, დამატებითი პროცედურა, რაც არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით. ამ მიმართულებით საქპატენტს არ აქვს მინიჭებული რაიმე სახის დისკრეციული უფლებამოსილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ დავობს ექსპერტიზის არსობრივ მხარეზე და არ ასაჩივრებს მას ამ მიმართებით. კასატორი მიუთითებს, რომ წინასწარი ძიების სერვისი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებიც ამზადებენ განაცხადს ან აწარმოებენ კვლევით სამუშაოებს და სურვილი აქვთ იცოდნენ ტექნიკის დონე მათი საგამომგონებლო იდეის ან დასამუშავებელი თემატიკის ირგვლივ, მაგრამ აღნიშნული პროცედურა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას უკვე წარდგენილი განცხადების ექსპერტიზის პროცედურულ ნაწილად. კასატორი მიუთითებს საქართველოს საპატენტო კანონის 711 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასარგებლო მოდელი, რომელიც ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით ნაკლები საგამომგონებლო დონით და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, პატენტუნარიანია, თუ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით. სასარგებლო მოდელის სიახლის დადგენისას საქპატენტი კვლევას ატარებს მხოლოდ საქპატენტში შეტანილ განაცხადთან მიმართებით. ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქპატენტს არ ჰქონდა წინასწარი ძიების პროცედურის ჩატარების და მის საფუძველზე, განცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული „ე...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ „ე...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის შექმნასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს საპატენტო კანონი (მუხლი 1). კანონი განსაზღვრავს, რომ პატენტი არის ამავე კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს (სხვადასხვა ფორმით განკარგვა, გასხვისება, სხვისთვის გამოყენების შეზღუდვა და ა.შ.) (მუხლები 2.ვ და 48).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საპატენტო კანონის თანახმად, გამოგონება, რომელიც პატენტუნარიანია, უნდა აკმაყოფილებდეს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას (მუხლი 12.1). კანონი ასევე განსაზღვრავს, რომ სასარგებლო მოდელი ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით ნაკლები საგამომგონებლო დონით და თავისი არსით არის მცირე გამოგონება. იგი პატენტუნარიანია, თუ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღისთვის ტექნიკის მოცემულ დარგში გათვითცნობიერებული პირისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან. სასარგებლო მოდელი სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი სამრეწველო წესით დამზადება ან გამოყენება (მუხლი 711.1-4). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პატენტის გაცემას საფუძვლად უდევს კომპეტენტური ორგანოს - „საქპატენტის“ მიერ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის - სიახლის, საგამომგონებლო დონისა და სამრეწველო გამოყენებადობის დადასტურება.

საქართველოს საპატენტო კანონი განსაზღვრავს, რომ პატენტის მისაღებად, „საქპატენტს“ წარედგინება განაცხადი, რომელიც არის ამავე კანონის შესაბამისად პატენტის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა (მუხლი 2.ი). საქართველოს საპატენტო კანონის - თავი VI განსაზღვრავს საპატენტო ექსპერტიზისა და პატენტის გაცემის წესს. საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას (მუხლი 32. 1-2). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს საქპატენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ ე...ის №14612/1 განაცხადი აკმაყოფილებდა ფორმალურ მოთხოვნებს.

საქართველოს საპატენტო კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 6 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც ხდება განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენა და ტექნიკის დონის განსაზღვრა. ამავე მუხლის 12-13 პუნქტებით განისაზღვრება, რომ ტექნიკის დონის განსაზღვრისას საქპატენტი ატარებს კვლევას და სიახლის ექსპერტიზას. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს სიახლის ექსპერტიზის მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. თუ ექსპერტს შეექმნა სრული შთაბეჭდილება, რომ გამოგონება ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან, საქპატენტი ექსპერტის წინადადების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე, რის საფუძველზედაც საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, 2018 წლის 25 ივნისს წელს არსობრივი ექსპერტიზის სტადიაზე საქპატენტის ექსპერტების გ. კ-ეის და ვ. გ-ეის მიერ საერთაშორისო კომერციული და არაკომერციული საპატენტო ბაზების, ასევე, არასაპატენტო (მაგ. სამეცნიერო) ლიტერატურის ბაზების გამოყენებით ჩატარდა ძიება. ძიების შედეგად, წარმოდგენილი განაცხადისა და მოძიებული მასალის საფუძველზე შეიქმნა სრული შთაბეჭდილება, რომ სასარგებლო მოდელის დამახასიათებელ არსებით ნიშანთა ერთობლიობა იყო არსებული ტექნიკის დონის შედეგი, რადგან არ ჩანდა აშკარად შესამჩნევი განსხვავება მათ შორის და დარგის სპეციალისტს, დაპირისპირებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და დარგში არსებული ზოგადი ცოდნიდან გამომდინარე, შეეძლო განეხორციელებინა ... იმ კონფიგურაციით, როგორც ის იყო გადმოცემული სასარგებლო მოდელის ფორმულაში, რადგან ნათელი იყო ამოცანა, რომელიც უნდა გადაჭრილიყო, ნათელი იყო ამ ამოცანის გადაჭრის გზა, და თვალსაჩინო იყო, რომ ასეთი გადაწყვეტის გამოყენებით მას შეეძლო განეჭვრიტა გარანტირებული შედეგი.

აღნიშნული ანგარიშის წარდგენის შემდგომ, 2018 წლის 6 აგვისტოს, ე...მა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელა გამოგონებაზე №14612/1 განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად, რის შემდგომაც სასარგებლო მოდელის განაცხადს მიენიჭა ახალი ნომერი - ....

საქართველოს საპატენტო კანონის 712 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დასაშვებია გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად და პირიქით. ამასთან, ამავე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებით დამტკიცებული - გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინსტრუქციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით. განმცხადებელს, რომელსაც სურს განაცხადი გამოგონებაზე გარდაქმნას განაცხადად სასარგებლო მოდელზე, უნდა წარადგინოს განცხადება ამის შესახებ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. გამოგონების განაცხადის სასარგებლო მოდელის განაცხადად გარდაქმნის შემთხვევაში გამოგონებისთვის გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტები მხედველობაში მიიღება ასევე სასარგებლო მოდელის ექსპერტიზის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

მითითებული საკანონმდებლო ნომრების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასარგებლო მოდელი, ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით ნაკლები საგამომგონებლო დონით და თავისი არსით არის მცირე გამოგონება. იგი პატენტუნარიანია, თუ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. აღსანიშნავია, რომ სასარგებლო მოდელსა და გამოგონებას არსებითად იგივე პატენტუნარიანობის კრიტერიუმები აქვთ, თუმცა განსხვავებულია მათი საგამომგონებლო დონე. ამასთან, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, გამოგონებაზე პატენტის გაცემის განაცხადი გარდაქმნას სასარგებლო მოდელზე პატენტის მიღების განაცხადად, რა უფლებითაც ისარგებლა მოსარჩელემ. ასეთ, დროს კანონმდებლობა ითვალისწინებს გამოგონებისთვის გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტების მხედველობაში მიღებას, სასარგებლო მოდელის ექსპერტიზის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, საფუძვლიანად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და მიუთითებს, რომ საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად, სასარგებლო მოდელის სიახლის დადგენისას საქპატენტი კვლევას ატარებს მხოლოდ საქპატენტში შეტანილ განაცხადთან მიმართებით (მუხლი 711.8). აღნიშნული ჩანაწერი ეხება მოდელის სიახლის დადგენას, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, პატენტუნარიანობის კიდევ ერთი კრიტერიუმია საგამომგონებლო დონე. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს საპატენტო კანონის 711 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქპატენტი უფლებამოსილი იყო, სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემის ექსპერტიზის ეტაპზე, გამოეყენებინა და ეხელმძღვანელა მოდელის საგამომგონებლო დონესთან დაკავშირებული, მის მიერ მოძიებული და მხარისათვის ცნობილი მასალებითა და დასკვნებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ როგორც კასატორი მიუთითებს, მას ამ დასკვნის შინაარსთან პრეტენზია არ გააჩნია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე ხ. ფ-ის 14.05.2021 წ. საგადახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. „ე...“-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება;

3. ხ. ფ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.05.2021 წ. საგადახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე