განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli
№8091-13 26 მარტი, 2013 წელი
ბ-ი თ., 8091-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. პ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ბ-ის საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განაჩენით თ. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტებით – 8 წლით, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით -15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 23 დეკემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მას განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
თ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით – 8 წლით, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 და მე-16 მუხლების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 23 წელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 23 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გაავრცელა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, ითხოვა მისი გადახედვა და დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–13 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით“.
იმავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად კი: ,,1/4-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება“.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ბ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით და მსჯავრდებული უნდა გაეთავისუფლებინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან, ამასთან, რაც შეეხება სსკ-ის 262–ე მუხლით დანიშნულ სასჯელს – 15 წელს, მასზე კანონიერად გავრცელდა ამ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა, მაგრამ 1/4-ით შემცირდა არა ამ მუხლისთვის დანიშნული სასჯელი –15 წელი, არამედ სასჯელთა ერთობლიობით დანიშნული – 23 წელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული თ. ბ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ბ-ს 1/4-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262–ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 15 წელი და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2006 წლის 23 დეკემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული თ. ბ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ბ-ლს 1/4-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262–ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 15 წელი და მოსახდელად განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2006 წლის 23 დეკემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი