გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1231-1475-05 24 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. თოდრია,რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების: შვილის _ ე. დ-ძისა და ამ უკანასკნელის არარეგისტრირებული მეუღლის _ ნ. ბ-იას არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლება ქ. ბათუმში, ... დასახლების ¹101 სახლის ¹7 მისი კუთვნილი ბინიდან.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 1950 წლიდან ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ... 1990 წელს ე. დ-ძემ არარეგისტრირებული ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ. ბ-იასთან, რომლებიც ცხოვრობდნენ მოსარჩელესთან ერთად ზემოთ მითითებულ სახლში. მათ შეეძინათ ორი შვილი: ნ. დ-ძე _ 1991 წელს და თ. დ-ძე _ 1992 წელს. მეუღლეთა შორის კონფლიქტის გამო ე. დ-ძემ ნ. ბ-ია აღნიშნული ბინიდან გამოაგდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1992წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ბ-იას სარჩელი და იგი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად შესახლებულ იქნა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში იმ მოტივით, რომ ჩაწერილი იყო და მოპოვებული ჰქონდა სარგებლობის უფლება.
შ. დ-ძემ 1993 წელს გაყიდა ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბათუმში, ზედა სამხედრო დასახლების ¹101 სახლის ¹7 ბინა.
ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა 1995 წელს და მოპასუხე თავის შვილებთან ერთად შესახლებულ იქნა ..., ბინა ¹7-ში.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება კუთვნილი ბინიდან იმ მოტივით, რომ მისი შვილი ე. დ-ძე ხშირად თვრებოდა, შვილიც და რძალიც მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მოპასუხე ე. დ-ძემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გაათავისუფლოს დედის ბინა, ნ. ბ-იამ კი სარჩელი არ ცნო და მიაჩნია, რომ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით შესახლებულია შვილებთან ერთად ამ ბინაში და ითვლება მის კანონიერ მფლობელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლი 10 მაისის გადაწყვეტილებით შ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ე. დ-ძე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, ხოლო ნ. ბ-იას შვილებთან ერთად გამოსახლებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-ძემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ნ. ბ-ია შვილებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან მდებარე ქ. ბათუმში, ... სახლის ¹7 სადავო ბინიდან.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ბინა შ. დ-ძის საკუთრებას წარმოადგენს და მასში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შესახლდა ნ. ბ-ია შვილებთან ერთად. ამასთან, დადგენილია, რომ რძალ-დედამთილს შორის იყო კონფლიქტი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის განაჩენით ნ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118 მუხლის I ნაწილით, კერძოდ, მან 2003წ. 7 აპრილს ე. დ-ძეს ესროლა ქანჩი და მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რისთვისაც შეფარდებული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით, ერთი წლით გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 168-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამავე კოდექსის 170-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სააპელაციო პალატამ მოსარჩელე შ. დ-ძის მოთხოვნა საკუთარი ბინიდან მოპასუხე ნ. ბ-იას არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლების შესახებ კანონიერად მიიჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ნაწილობრივ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 10 მაისის გადაწყვეტილება და ნ. ბ-ია არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოასახლა სადავო ბინიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-იას წარმომადგენელმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ ისე გამოასახლა მისი მარწმუნებელი ბინიდან, რომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც ნ. ბ-იას მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოპოვებული ჰქონდა ფართზე სარგებლობის უფლება. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი პუნქტი და დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ,,უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართებელია”.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ შეიცავს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა სრულ და ყოველმხრივ შეფასებას, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება, კერძოდ, მფლობელობის შინაარსის დადგენა, მნიშვნელოვანია მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობის საფუძველი. აღნიშნული საკითხის გასარკვევად, სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს საქმეში არსებულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1992წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ნ. ბ-ია თავის შვილებთან ერთად შესახლებულ იქნა სადავო ფართში, ასევე გამოკვლევასა და სათანადო სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს სადავო ბინაზე ნ. ბ-იასათვის მფლობელობის უფლების წარმოშობისა და არსებობის მართლზომიერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურდიულად დაუსაბუთებელია და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ბ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.