გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 15.02.2005
საქმის ნომერი
ას-1260-1394-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1260-1394-04 ას-1260-1394-04 15 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 29 იანვარს შპს „ს. გ. ტ. კომპანიამ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „თ.“ წინააღმდეგ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „ ს. გ. ტ. კომპანიასა“ და სს „თ.“ შორის 2000წ. 14 იანვარსა და 2003წ. 25 მარტს დაიდო ხელშეკრულებები ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების თაობაზე.

2000წ. 4 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ ს. გ. ტ. კომპანიას“ სს „თ.“ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უნდა მიეღო ბუნებრივი გაზი, მოეხდინა მისი ტრანსპორტირება და სს „თ.“ მიწოდება, რისთვისაც სს „თ.“ უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური. შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ მიერ სს „თ.“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა შეუფერხებლად.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის თანახმად, სს „თ.“ საანგარიშო თვის განმავლობაში ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა უნდა ეწარმოებინა მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

სს „თ.“ მიერ დარღვეულ იქნა 2000წ. 4 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის საფასური, რის შემდეგაც სს „თ.“ დავალიანებას შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ მიმართ 2000წ. 15 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 3 344 010,77 ლარი.

2000წ. 29 აპრილს, 31 ივლისს, 31 აგვისტოს და 30 ნოემბერს სს „თ.“ განახორციელა გადახდები და დაფარა ძირითადი დავალიანების ნაწილი, მაგრამ, მიუხედავად მის მიერ წარმოებული გადახდებისა, სს „თ.“ დავალიანებამ შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ მიმართ 2001წ. 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 2 363 817,81 ლარი. აღნიშნული დავალიანების განსაზღვრა მოხდა შპს „ ს. გ. ტ. კომპანიასა“ და სს „თ.“ შორის 2001წ. 28 მარტს გაფორმებული საფინანსო ურთიერთანგარიშსწორების შედარების აქტით.

2001წ. 1 ოქტომბერსა და 1 დეკემბერს სს „თ.“ მიერ კვლავ გადახდილ იქნა ძირითადი დავალიანების ნაწილი, რის შემდეგაც სს „თ.“ დავალიანებამ შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ მიმართ 2002წ. 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 2343817,81 ლარი. აღნიშნული დავალიანება დასტურდება შპს „ ს. გ. ტ. კომპანიასა“ და სს „თ.“ შორის 2002წ. 7 ივნისს გაფორმებული საფინანსო ურთიერთანგარიშსწორების შედარების აქტით.

მხარეთა შორის 2000წ. 4 იანვარს დადებული ხელშეკრულების თანახმად, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს მიწოდებული გაზის საფასური მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა საანგარიშო თვის დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში. 2000წ. 4 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხისათვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა 2000წ. 1 აპრილამდე.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავს 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს თავდაპირველი გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2000წ. 15 თებერვალს (2000წ. იანვრის თვეში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების საფასური). ამის შემდეგ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოვალე პერიოდულად ახორციელებდა ძირითადი დავალიანების თანხის მცირე ნაწილის დაფარვას, აქედან გამომდინარე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის დარიცხვა უნდა მომხდარიყო პერიოდული გადახდების გათვალისწინებით (ძირითადი ვალის და წარმოშობილი სახელშეკრულებო საურავების გაანგარიშება მოცემულია ცხრილში, რომელიც თან ერთვის სასარჩელო განცხადებას).

ამდენად, სს „თ.“ ძირითადმა დავალიანებამ შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ მიმართ 2000წ. 4 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად 2003წ. 1 მარტამდე შეადგინა 2343817,81 ლარი.

2003წ. 25 მარტს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ ს. გ. ტ. კომპანიას“ სს „თ.“ დავალებით მესამე პირებისაგან, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უნდა მიეღო ბუნებრივი გაზი, მოეხდინა მისი ტრანსპორტირება და სს „თ.“ მიწოდება, რისთვისაც სს „თ.“ უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური.

სს „თ.“ მიერ დარღვეულ იქნა 2003წ. 25 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, არ იქნა გადახდილი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული საფასური, რომელიც სს „თ.“ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3 პუნქტის თანახმად, უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დამთავრებიდან ანუ 2003წ. 20 აპრილიდან, ათი დღის ვადაში.

გამომდინარე იქიდან, რომ სს „თ.“ 2003წ. 25 მარტს ხელმოწერილი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური არ გადაუხდია, მისმა დავალიანებამ შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ მიმართ 2003წ. 30 აპრილისათვის შეადგინა 84342,60 ლარი.

გარდა ამისა, 2003წ. 25 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტი ითვალისწინებს ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავს 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ 84342,60 ლარის 0,1% გადახდის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა 2003წ. 30 აპრილიდან. სულ 2003წ. 30 აპრილიდან 2003წ. 30 ივნისამდე ვადაგადაცილებულია 61 დღე ანუ სს „თ.“ უნდა გადახდეს სახელშეკრულებო სანქციის სახით 84 342,60 ლარის 0,1% X 61 დღეზე, სულ 5144 ლარი.

2003წ. 30 ივნისს სს „თ.“ აწარმოა გადახდა შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ მიმართ. 2003წ. 25 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საფასური შეადგენდა სულ 84342,60 ლარს, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა 136 261,18 ლარი, რითაც, გარდა 2003წ. 25 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საფასურის სრულად დაფარვისა, ასევე გაქვითა ძველი დავალიანების მცირე ნაწილი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საგადადსახადო დოკუმენტაციით. 2003წ. 19 დეკემბერს სს „თ.“ კვლავ გადაიხადა 8405,90 ლარი, რითაც გაიქვითა ძველი დავალიანების ნაწილი.

მოსარჩელემ მოითხოვა სს „თ.“ შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

1) 2283493,33 ლარის გადახდა, ძირითადი დავალიანების სახით;

2) 5502960,85 ლარის გადახდა, 2000წ. 4 იანვარს და 2003წ. 25 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესაბამისად, ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის სახელშეკრულებო სანქციის სახით;

3) 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯებისათვის.

სს „თ.“ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ, მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, „თ.“ „კომპანიის“ დავალიანება არ ერიცხება. გარდა ამისა, მოპასუხის მხარემ უარყო შესაგებლის ის ნაწილი, რომლითაც თბილსრესის ყოფილი ხელმძღვანელობა მოთხოვნის ძირითად ნაწილში ცნობდა სარჩელს. ამით „თ.“ მთავარ სხდომაზე სსკ 133-ე მუხლის შესაბამისად გააქარწყლა ძირითადი ვალის არსებობის აღიარება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის“ სარჩელს სს „თ.“ მიმართ 7 786 454,18 ლარის გადახდევინების შესახებ ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

სასამართლოს აზრით, მოპასუხე სს „თ.“ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სს „თ.“ დავალიანება საერთოდ არ ერიცხება. ამით მოპასუხე მხარემ, სსკ-ის 133-ე მუხლის შესაბამისად, გააქარწყლა სს „თ.“ ყოფილი დირექტორის ძირითადი ვალის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის აღიარება.

მოსარჩლე მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს 2000წ. 4 იანვრის ხელშეკრულების, 2001წ. 28 მარტის, 2002წ. 7 ივნისის, 2004წ. 1 იანვრისა და 2004წ. 22 იანვრის შედარების აქტების დედნები.

სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 135-ე მუხლით და მიუთითა, რომ ხელშეკრულების, შედარების აქტების და ანგარიშფაქტურების ასლებს არ უნდა მიენიჭოს მტკიცებულებითი მნიშვნელობა, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დავალიანების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები.

კოლეგიამ 2000წ. 4 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, სკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია ხანდაზმულად, ხოლო 2003წ. 25 მარტის ხელშეკრულების ნაწილში სარჩელი ჩათვალა დაუსაბუთებლად, ვინაიდან მოსარჩელემ, გარდა იმისა, რომ ვერ მიუთითა, თუ როდის გაქვითა სს „თ.“ ძველი დავალიანების თანხა, ვერ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები. კოლეგიამ სარჩელის ძირითადი დავალიანების (2283493,33 ლარი) ნაწილში უსაფუძვლობის გამო, უსაფუძვლოდ მიიჩნია იგი დამატებითი მოთხოვნის (5502960,85 ლარი) ნაწილშიც, რამდენადაც სკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აქცესორული უფლება ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ ს. გ. ტ. კომპანიამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ასევე, ამავე კოლეგიის მიერ 2004წ. 16 აპრილის სხდომაზე მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ მიღებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 131-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილებისათვის საფუძვლად დაედო სს „თ.“ აღიარება, რომელიც მოცემულია სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში და რომლითაც ამ უკანასკნელმა სრულად აღიარა თავისი ვალდებულება შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის წინაშე“. სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა ამავე კოდექსის 133-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, ვინაიდან მოპასუხეს არ დაუმტკიცებია, თუ რა შეცდომის შედეგი იყო მის მიერვე გაკეთებული აღიარება ან რა ფსიქიკური ანდა ფიზიკური ზემოქმედება მოხდა მასზე აღიარებისას. გარდა ამისა, სასამართლომ აღიარების უარყოფა არ დაასაბუთა თავის გადაწყვეტილებაში, რასაც კანონი იმპერატიულად აკისრებს.

არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა დედნები. მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა სარჩელზე თანდართული დოკუმენტების ორიგინალები, რათა სასამართლოს შეედარებინა ისინი ადრე წარდგენილ ასლებთან, ასლების ორიგინალებთან შესაბამისობაში დარწმუნების შემდეგ სასამართლომ მტკიცებულებათა დედნები დაუბრუნა მხარეს.

სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა სსკ-ის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი დაუსაბუთებელი განჩინების გამოტანისას, რომლითაც მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოპასუხისაგან 2000წ. 4 იანვრის ხელშეკრულების გამოთხოვის შესახებ.

კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 129-ე მუხლი და უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლებით, ვინაიდან 2000წ. 4 იანვრიდან დღემდე მათი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მრავალგზის შეწყდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 103-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებების შეგროვების წესს. აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. პალატა მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2004წ. 16 აპრილის განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია მითითებული ნორმის უგულებელყოფით. აღნიშნული ნორმა არ ეწინააღმდეგება მტკიცების ტვირთის საპროცესო სამართლებრივ გაგებას და იგი დაშვებულია კანონით. ამიტომ კოლეგია უფლებამოსილი იყო მითითებული ნორმის საფუძველზე დაეკმაყოფილებინა მხარის შუამდგომლობა და გამოეთხოვა მითითებული მტკიცებულებები. პალატა მიიჩნევს, რომ კოლეგიის მითითებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე განხილულ იქნეს სსკ-ის 103-ე მუხლის შესაბამისად.

გარდა ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ კოლეგიის მიერ არასწორადაა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები. საქმის მასალებში წარმოდგენილია სს „თ.“ შესაგებელი, სადაც მითითებული იურიდიული პირი სარჩელს ცნობს ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში და არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. აღნიშნული გარემოება უნდა შეფასდეს სსკ-ის 131-ე, 133-ე მუხლების საფუძველზე. შესაგებელი წარმოდგენილია წერილობითი ფორმით საქმის წინასწარი განხილვისათვის მომზადების დროს, ამიტომ სასამართლო სსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო, აღიარება მიეჩნია საკმარის მტკიცებულებად. ამავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია გააქარწყლოს თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ ან მასზე ფსიქიკური ან ფიზიკური ზემოქმედებით. საქმის განმხილველმა სასამართლო კოლეგიამ შეფასება არ მისცა აღნიშნულ გარემოებებს მითითებული ნორმებიდან გამომდინარე და მთლიანად უარყო აღიარება ისე, რომ მას აღნიშნულის თაობაზე არ უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში სსკ-ის 133-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება არა მხოლოდ მოსარჩელეს, არამედ თითოეულ მხარეს. ის ფაქტი, რომ საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტი არ ეხება 2000წ. 4 იანვრის ხელშეკრულებას, წარმოადგენს მოპასუხის მტკიცების ტვირთს და არა მოსარჩელის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმე უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას კოლეგიამ სათანადო შეფასება უნდა მისცეს შესაგებელში მითითებულ გარემოებებს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ ს. გ. ტ. კომპანიის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 16 აპრილის განჩინება და ამავე კოლეგიის 2004წ. 10 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.