დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1260-1501-05 30 ივნისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ს-ძემ 2004წ. ნოემბერში განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ. თ-შვილის მიმართ და მოითხოვა სესხად გაცემული 7000 აშშ დოლარისა და ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების _ 200 აშშ დოლარის, სულ 7200 აშშ დოლარის, გადახდის ბრძანებით მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2003წ. 21 თებერვალს მან ვ. თ-შვილს სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა 7000 აშშ დოლარი, 15225 ეკვივალენტი ლარის ოდენობით, პროცენტის გარეშე, ორი წლის ვადით. ხელშეკრულების თანახმად‚ მოპასუხე ვალებული იყო‚ სესხის სახით აღებული თანხა დაებრუნებინა 2005წ. 21 თებერვლამდე. მოსარჩელე მ. ს-ძემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-9 პუნქტის და სკ-ის 627-ე მუხლის თანახმად‚ მოპასუხე ვ. თ-შვილის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების გამო, რითაც შეიძლება საფრთხე შექმნოდა სესხის სახით გაცემული თანხის მიღებას, მოითხოვა დაუყოვნებლივ სესხის დაბრუნება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადახდის ბრძანებით მოპასუხე ვ. თ-შვილს დაევალა 7200 აშშ დოლარის გადახდა.
გადახდის ბრძანებაზე პროტესტი შეიტანა მოპასუხე ვ. თ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და მოცემული საქმის განხილვა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადახდის ბრძანება და დაინიშნა საქმის საერთო წესით განხილვა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხე ვ. თ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 850 აშშ დოლარის ან შესაბამისი კურსით ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 22 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების _ 200 აშშ დოლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ძემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით მ.ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2003წ. 21 თებერვალს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის უსასყიდლო ხელშეკრულება 7000 აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელე მ.ს-ძემ მოპასუხე ვ.თ-შვილისაგან მიიღო 6150 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მან აღნიშნული თანხა მიიღო სარგებლის სახით 7000 აშშ დოლარზე ყოველთვიურად დარიცხული 5%-ის სახით, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად‚ მხარეები შეთანხმებული იყვნენ უპროცენტო სესხის ხელშეკრულებაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იმ გარემოება, რომ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებული იყო სესხის პროცენტი‚ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდებოდა. აღნიშნული კი საქმის მასალებით არ დასტურდება. აპელანტმა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თავისი მოთხოვნა ამ ნაწილში ვერ დაასაბუთა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ‚ რადგან მ.ს-ძეს ვ.თ-შვილისაგან მიღებული აქვს 6150 აშშ დოლარი, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად დააკისრა მოპასუხეს 850 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ძემ და მოითხოვა მისი განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. კასატორის მითითებით, მასა და მოპასუხე ვ. თ-შვილს შორის 2003წ. 21 თებერვალს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხი იყო უპროცენტო. იმავე დღეს მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება პროცენტზე _ თვეში 5% ოდენობით, რაც ხელშეკრულებაში იმის გამო არ აღნიშნეს, რომ ვ.თ-შვილს არ სურდა მისი ოჯახის წევრებს გაეგოთ პროცენტიანი სესხის აღების შესახებ. კასატორის მითითებით, მის მიერ მითითებული გარემოება დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, თვით მოპასუხის ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით. იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის იყო დადებული სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება ადასტურებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი რვეულის ჩანაწერი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სსკ-ის 140-ე მუხლი, რადგან ამ მუხლში არ არის მითითებული, რომ მოწმის ჩვენება თუ იგი მოსარჩელის ახლობელია არ უნდა იქნას გაზიარებული. სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სკ-ის 624-ე მუხლი, რადგან კასატორის მოსაზრებით, მოცემულ მუხლში საუბარია სესხის ზეპირ ფორმაზე და არა პროცენტის ზეპირ ფორმაზე. მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებისათვის განსაზღვრული რომ იყო პროცენტი, დასტურდება არამარტო მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ გარემოებით, რომ მხარეთა შორის 2003წ. 21 თებერვალს დაიდო სესხის ხელშეკრულება 2005წ. 21 თებერვლამდე, მოპასუხეს თანხა სესხის ხელშეკრულების მიხედვით უნდა გადაეხადა 2005წ. 21 თებერვლამდე; ხელშეკრულებით აღნიშნული თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა არ იყო გათვალისწინებული და მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა მოპასუხე ყოველთვიურად იხდიდა 350 დოლარს. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მისი სსკ-ის 93-ე მუხლით განმტკიცებული უფლება, მის წარმომადგენელს არ მიეცა საშუალება დაეცვა მისი ინტერესები სასამართლოში, რითაც ასევე დაირღვა სსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრობითობის პრინციპი. აღნიშნულთან დაკავშირებით მან მოითხოვა საქმის განხილვის გადადება და მიუთითა ის საპატიო მიზეზი, რომ მისი ადვოკატი ვერ ესწრებოდა საქმის განხილვას იმის გამო, რომ ჰქონდა სხვა სასამართლო პროცესი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 625-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ.ს-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ს-ძემ ასესხა ვ. თ-შვილს 2003წ. 21 თებერვალს 7000 აშშ დოლარი 2005წ. 21 თებერვლის ჩათვლით. მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება წერილობით გაფორმდა და სანოტარო წესით დადასტურდა. ამ ხელშეკრულების მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ სესხს სარგებელი პროცენტით არ ერიცხება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარის 5%-ის გადახდის თაობაზე, რაც მოპასუხის თხოვნით სესხის ხელშეკრულებაში არ მიუთითეს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ს-ძემ 2004წ. 24 ნოემბრის განცხადებაში ვ. თ-შვილისათვის გადახდის ბრძანებით თანხის დაკისრების შესახებ, მიუთითა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლის გარეშე და პროცენტი არ ირიცხებოდა რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეს სესხის პროცენტის თაობაზე არ მიუთითებია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სკ-ის 624-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია. ამდენად, მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე სესხის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს. სკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საკასაციო პალატა თვლის, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება პროცენტიანი რომ იყო. სკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამ ნორმის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლაც ამავე ფორმით უნდა მოხდეს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ს-ძეს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაურღვია მისი სსკ-ის 93-ე მუხლით მინიჭებული უფლება და მის წარმომადგენელს არ მიეცა საშუალება დაეცვა მისი ინტერესები სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 24 მაისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ პროცესზე გამოცხადდა მ.ს-ძის წარმომადგენელი ა. ცეცხლაძე, რომელმაც მოითხოვა სხდომის გადადება იმის გამო, რომ მ.ს-ძის მეორე წარმომადგენელი ე.პაქსაძე სხვა სასამართლოში იყო პროცესზე; სასამართლომ მისი შუამდგომლობა საქმის გადადების შესახებ სწორად არ დააკმაყოფილა. რადგან აპელანტის წარმომადგენელი ე.პაქსაძე სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო 2005წ. 10 მაისს და მას საკმაო დრო ჰქონდა, მომზადებულიყო სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის გადაწყვეტილება. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება