გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 09.03.2006
საქმის ნომერი
ას-1264-1504-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1264-1504-05 9 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. კ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. მ-ძის მიმართ და აღნიშნა, რომ 2002წ. 16 აგვისტოს მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. კ-ძემ ნ. მ-ძეს, როგორც რ. მ-ძის რწმუნებულს, ასესხა 11800 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 2%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ. მ-ძის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... 77ა-ის, ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა.

2003წ. 12 ივნისს მხარეთა შეთანხმებით სანოტარო აქტის საფუძველზე გაუქმებულ იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, რადგან მოვალეს სურდა უფრო ხელსაყრელი პირობით დაეტვირთა მისი ბინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნ. მ-ძის მიერ დაწერილ იქნა ხელწერილი და მან აიღო ვალდებულება, მ. კ-ძისათვის დაებრუნებინა 12000 აშშ დოლარი, რაც დღემდე არ შესრულებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე რ. მ-ძისათვის 16520 აშშ დოლარის გადახდევინება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; რ. მ-ძეს მ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 16 520 აშშ დოლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. მ-ძის წარმომადგენელმა ტ. ჩ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. მ-ძის წარმომადგენელ ტ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით. სააპელაციო სასამართლომ მ. კ-ძის გამოუცხადებლობით დადასტურებულად მიიჩნია რ. მ-ძის წარმომადგენელ ტ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მსესხებელი ნ. მ-ძე. სადავო შემთხვევაში რ. მ-ძე არ არის მსესხებელი. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიულად ამართლებს მის მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ საფუძვლებს.

მ. კ-ძემ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა და აღნიშნა, რომ იგი არის ავად 2005წ. 1 ივნისიდან 6 ივნისამდე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სტაციონალურ მკურნალობაზე, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი სამედიცინო ცნობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის განჩინებით მ. კ-ძის საჩივარი მიღებულ იქნა და მისი განხილვა დაინიშნა 2005წ. 24 აგვისტოს.

2005წ. 8 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. კ-ძის წარმომადგენელმა დ. გ-ავამ და მოითხოვა სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ მისი მარწმუნებელი არ იმყოფება თბილისში, ხოლო თვითონ შვებულებაშია.

2005წ. 24 აგვისტოს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ არც მ. კ-ძე და არც მისი წარმომადგენელი დ. გ-ავა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 აგვისტოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად იქნა დატოვებული ამავე სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. კ-ძის წარმომადგენელ დ. გ-ავას განცხადებაში მოყვანილი მოსაზრებები სხდომის გადადების შესახებ, რადგან აღნიშნული განცხადებით არ დგინდება მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა.

სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. კ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა დ. გ-ავამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნება, ვინაიდან სასამართლოს არ უმსჯელია, არ უცნობებია 2005წ. 8 აგვისტოს წარმოდგენილ განცხადებაზე საქმის გადადების მოთხოვნის შესახებ და ისე მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც, მისი აზრით, გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის განჩინებით მ. კ-ძის საჩივარი ამავე სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა და მისი განხილვა დაინიშნა 2005წ. 24 აგვისტოს. 2005წ. 8 აგვისტოს განცხადებით მიმართა მ. კ-ძის წარმომადგენელმა დ. გ-ავამ და მოითხოვა 2005წ. 24 აგვისტოს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის. განცხადებას თან ერთვის სათანადო წესით შედგენილი რწმუნებულება. 2005წ. 24 აგვისტოს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მ. კ-ძე, რომელსაც ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით, ასევე არ გამოცხადდა მისი წარმომადგენელი დ. გ-ავა.

გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას და მოითხოვოს მისი გაუქმება, საქმის განახლება თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში კი მ. კ-ძის წარმომადგენელმა დ. გ-ავამ დიდი ხნით ადრე აცნობა და მიმართა სასამართლოს განცხადებით სხდომის დღის გადადების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ იგი იყო შვებულებაში, ხოლო მისი მარწმუნებელი კი არ იმყოფებოდა თბილისში.

სააპელაციო პალატას არ უმსჯელია წარმომადგენლის განცხადებაზე და ისე მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როცა მას საკმაო დრო ჰქონდა‚ ემსჯელა აღნიშნულ განცხადებაზე და ეცნობებინა წარმომადგენელისათვის მისი დაკმაყოფილებისა თუ დაუკმაყოფილებლობის შესახებ. გარდა ამისა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. კ-ძე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი და იგი ხშირად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რაც დასტურდება საქმეში არსებული არაერთი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობებით, ამიტომ, იგი საქმეს წარმომადგენლის დახმარებით აწარმოებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. გარდა ამისა, «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

სასამართლო წარმომადგენელი კი არის ის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორთა მიერ წამოყენებულია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა წარმომადგენლის განცხადებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად არ უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მხარეს სადავო შემთხვევაში არსებული საქმის მიმართ არ დაუკარგავს იურიდიული ინტერესი, არც საქმის გაჭიანურებას აქვს ადგილი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. კ-ძისა და მისი წარმომადგენელ დ. გ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 აგვისტოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება