დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.03.2013
საქმის ნომერი
2კ-927-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№9271-13 29 მარტი, 2013 წელი

მ-ე მ, 9271-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ქ-ის

ადვოკატ – კ. მ-ის

მსჯავრდებულ _ მ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 იანვრის განაჩენით მ. მ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მ. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 21 ივლისიდან.

მ. მ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 იანვარის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით მ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გამოყენებით მ. მ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის სასფუძველზე მ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 16 წელი და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 21 ივლისიდან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების თაობაზე მ. მ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსაჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია, ითხოვა საქმის გადასინჯვა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–13 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262–ე მუხლით“.

იმავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად კი: ,,1/4-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება“.

საკასაციო პალატა იზიარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ. მ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–13 მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, მაგრამ რადგან მას მოსახდელად დარჩა სსკ-ის 262–ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 16 წელი, რომელზეც ამ კანონის თანახმად, შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ მე-16 მუხლის მოთხოვნა, იგი კანონიერად შემცირდა 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 21 ივლისისდან.

ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, რაიონულმა სასამართლომ, იმის გამო, რომ მ. მ-ის მიმართ არ გავრცელდა ზემოაღნიშნული კანონის მე–8 მუხლის მოთხოვნები, მას ასევე კანონიერად არ აღუდგინა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი