დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-769(კ-23) 20 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის საჩივრების დასაშვებობის საკითხი.
2021 წლის 5 ნოემბერს, გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შემოსავლების სამსახურისთვის გ. ბ-ის სასარგებლოდ ქმედების განხორციელების დავალება, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაკანონებული 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების შეგნებულად არ გადაცემისთვის 300 ლარის გადახდის დაკისრება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2022 წლის 10 მაისს, გ. ბ-ემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი უთხრა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც დასახელებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
გარდა ამისა, გ. ბ-ემ 2022 წლის 28 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით უარი უთხრა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ, რომლითაც დასახელებული განჩინების გაუქმება და პირველ ინსტანციაში მისი ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებებით, გ. ბ-ის კერძო საჩივრები, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრისა და 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებებზე, დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინებების მე-2 პუნქტით, კერძო საჩივრების ავტორს განემარტა, რომ განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.
2023 წლის 10 მაისს, გ. ბ-ემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებაზე, განცხადებით მიმართა სასამართლოს, რაზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით, შინაარსის ბუნდოვანებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 3 დღე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი. ამავე განჩინების მეორე პუნქტით, მხარეს განემარტა, რომ განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.
აღსანიშნავია, რომ გ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება (რეგისტრირებული: 13.06.2023წ; №ზ-451-23) და საჩივარი (რეგისტრირებული 13.06.2023; №ზ-455-23).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საჩივრები განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კერძო საჩივრით გასაჩივრება კი, დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
დადგენილია, რომ დაზუსტებული სარჩელების მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრისა და 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებები გ. ბ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრებით, რომლებიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებებით, დარჩა განუხილველად. გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გ. ბ-ის მიერ წარმოდგენილ საჩივრებზე მსჯელობა არ შეუძლია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს როგორც კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებებით, ასევე განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილებით, რომლებშიც მითითებულია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ამდენად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება არც საკასაციო და არც კერძო საჩივრით. ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების თაობაზე წარდგენილი განცხადების გასაჩივრების შესაძლებლობასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის 2023 წლის 13 ივნისის საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ბ-ის საჩივრები დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე