დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1285-1416-04 ას-1285-1416-04 20 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
:
თ. ლ-ემ 1983 წელს დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი და განაწილებით დაიწყო მუშაობა „....“ ქარხანაში. განაწილების ფურცლის შესაბამისად, თ.ლომაურიძე საწარმოს მიერ უზრუნველყოფილ იქნა საერთო საცხოვრებლით.
2000 წელს „....“ ქარხნის ადმინისტრაციამ თ.ლომაურიძე გაათავისუფლა სამუშაოდან და საერთო საცხოვრებელში მის მიერ დაკავებული ოთახი გადასცა სხვა თანამშრომელს.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუველზე თ.ლ-ძე აღდგენილ იქნა სამუშაოზე. მიუხედავად ამისა, ქარხნის ადმინისტრაციამ მას არ დაუბრუნა საერთო საცხოვრებელში ჩამორთმეული ოთახი.
2000წ. იანვარში თ.ლ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სს „....“ მიმართ საცხოვრებელ სადგომზე უფლების აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 5910 ლარის ოდენობით, რაც შედგებოდა ბინის ქირის - 300 ლარის, ბინის ქირის გადასახდელად აღებული ვალის - 1000 აშშ დოლარის, მგზავრობის ხარჯების - 1200 ლარის, იურიდიული მომსახურების - 400 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 124 ლარისაგან. მოსარჩელემ სულ მოითხოვა 5910 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ, მისი ოთახი გადაეცა სხვა თანამშრომელს. მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შემდეგ მოპასუხეს არა აქვს ფართი, დააკმაყოფილოს იგი.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით თ.ლ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ლ-ემ. სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა თ.ლ-ვის სარგებლობის უფლებით ბინის გამოყოფა. სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა თ.ლ-ემ. საკასაციო პალატის 2004წ. 30 აპრილის განჩინებით, აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია, რადგან მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილებით დაევალა მოსარჩელისათვის ბინის გამოყოფა, რაც კანონიერ ძალაშია შესული. მოსარჩელეს 2000წ. თებერვლიდან არ უცხოვრია საერთო საცხოვრებელში. 2000წ. 5 მარტიდან 2002წ. ბოლომდე ორი წ. განმავლობაში ცხოვრობდა ქირით და იხდიდა ბინის ქირას თვეში 50 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 1200 ლარს. დანარჩენი პერიოდისათვის ბინის ქირის გადახდის თაობაზე მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 1000 აშშ დოლარისა და მგზავრობის ხარჯების - 1200 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან მხარემ ვერ დაასაბუთა აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, ადვოკატის იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 400 ლარის შესახებ, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია მტკიცებულებად, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც მიიჩნია დაუსაბუთებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს დაეკისრა თ. ლ-ის სასარგებლოდ 1200 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 411-ე და 412-ე მუხლები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით თ.ლ-ემ. კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მოპასუხეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაევალა მოსარჩელისათვის ბინის გამოყოფა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოსარჩელეს 2000 წლიდან არ უცხოვრია საერთო საცხოვრებელში. 2000წ. 5 მარტიდან 2002წ. ბოლომდე, ორიწ. განმავლობაში, ცხოვრობდა ქირით და იხდიდა ბინის ქირას 50 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 1200 ლარს. დანარჩენი პერიოდისათვის ბინის ქირის გადახდის თაობაზე მოსარჩელეს მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა მგზავრობის ხარჯებისა და ბინის ქირის გადასახდელად აღებული სესხის მოთხოვნის ნაწილში.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რაც დაასაბუთებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას მგზავრობის ხარჯებისა და სესხის აღების ნაწილში.
სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო პალატა თვლის, ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს, სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მგზავრობის ხარჯებისა და ბინის ქირის გადასახდელად სესხის აღების ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო აბზაცის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობითა და სანოტარო აქტით ირკვევა, რომ მოსარჩელემ მინდობილობის გაფორმებისას, წარმომადგენელს გადაუხადა 400 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის. ასევე დადგენილია, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა. თ. ლ-ის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკააციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 53-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სს „...“ თ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების _ 400 ლარის ანაზღაურება, მასვე დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 16 ლარის გადახდა, ხოლო თ.ლომაურიძე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.