დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.01.2006
საქმის ნომერი
ას-1289-1524-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1289-1524-05 16 იანვარი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი(თავმჯდომარე),მაია სულხანიშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ც. ვ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 31 იანვარს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. ვ-ძემ და მოპასუხედ დაასახელა ლ. ჯ-ძე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას და მოპასუხეს შორის 2000 წლის 10 თებერვალს ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება 2000 აშშ დოლარზე, რომელიც ლ. ჯ-ძეს ესაჭიროებოდა კომერციული საქმიანობისათვის. მოსარჩელემ თავის მხრივ ახლო ნათესავებისაგან ისესხა 1600 აშშ დოლარი, რომელსაც დაუმატა მისი კუთვნილი 400 აშშ დოლარი და გადასცა ლ. ჯ-ძეს. შეთანხმების თანახმად აღნიშნული თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა ორ თვეში. დაახლოებით თვენახევარში მოულოდნელად გარდაიცვალა ლ. ჯ-ძის მეუღლე, რომლის დაკრძალვის შემდეგ მან ც. ვ-ძეს დაუბრუნა 900 აშშ დოლარი თავისი დეიდის, იზო ჟორჟოლიანის ხელით, ხოლო წერილით აცნობა, რომ დანარჩენ თანხას _ 1100 აშშ დოლარს სხვა დროს გადაუხდიდა. 2005 წლამდე მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვის ჰპირდებოდა დარჩენილი თანხის დაბრუნებას, მაგრამ ბოლოს უარი განაცხადა, რის საფუძველზეც ც. ვ-ძემ მიმართა სასამართლოს.

მოპასუხემ სასარჩელო განცხადების საპასუხოდ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც უარყო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო არა 2000 აშშ დოლარი, არამედ 300 აშშ დოლარი თვეში 20%-ით. ეს თანხა მიიღო 1997 წელს და არა 2000 წელს. 900 აშშ დოლარი კი ც. ვ-ძეს დაუბრუნა 1999 წელს. ასევე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ვალის დაბრუნების თაობაზე არანაირი სახის დაპირება არ არსებობდა და მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულადაც მიიჩნია.

ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, ც. ვ-ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა აღიარებით წერილს და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას. ასევე, არასწორი შეფასება მისცა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლს, რითაც სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.

ც. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2005 წლის 8 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა, რადგან აპელანტის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად და დაუსაბუთებლად.

სასამართლომ ჩათვალა, რომ როდესაც სადავოა სესხის ზეპირი ხელშეკრულება თანხის ოდენობის ნაწილში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აპელანტმა ვერ წარუდგინა სასამართლოს რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის წინაშე ლ. ჯ-ძის ვალი 1100 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლომ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ვ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლების, 144-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნები. სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის ზეპირი მოსაზრებები ჩათვალა მისაღებად და ყურადღება არ მიაქცია მის ახსნა-განმარტებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის ზეპირი მოსაზრებები ჩათვალა მისაღებად და ყურადღება არ მიაქცია მის ახსნა განმარტებას.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ზეპირი ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ნასესხები თანხის ოდენობაც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მის მიმართაც უნდა გავრცელდეს აღნიშნული ნორმის მოთხოვნები. ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ასეთი სახის გარიგება, დავას არ იწვევს. სადავოა თანხის ოდენობა. აღნიშნულის თაობაზე კი წერილობითი სახის მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოდავე მხარის მიერ წერილობითი მტკიცებულებების წარმოუდგენლობა გასესხებული თანხის ოდენობის თაობაზე ნიშნავს, რომ მან ვერ შესძლო თავისი მოთხოვნის დადასტურება. აღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლომ სწორად უთხრა უარი ც. ვ-ძეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლში მითითებული ვადა დაცულიც რომ იყოს, სარჩელი მაინც ვერ დაკმაყოფილდება ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. ვ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.