დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.03.2013
საქმის ნომერი
2კ-969-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№9691-13 29 მარტი, 2013 წელი

ბ-ა დ, 969-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ჟ-ის

ადვოკატ – მ. ტ-ის

მსჯავრდებულ _ დ. ბ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით დ. ბ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 11 წლით;

სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დ. ბ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

დ. ბ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 30 იანვრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით დ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით დ. ბ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 11 წელი და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დ. ბ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით დ. ბ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ბ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ საქმე თავისი მნიშვნელობით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას და ითხოვა მისი განსახილველად გადაცემა დიდი პალატისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება“.

რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით, როდესაც მსჯავრდებულს ¼-თ შეუმცირა სსკ-ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად ასევე კანონიერად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით და ამ კანონის მოქმედება გაავრცელა თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე ცალ-ცალკე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრისა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებები კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრისა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი