გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 02.06.2005
საქმის ნომერი
ას-130-453-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-130-453-05 2 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სადავო საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა; ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ბ.-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ „ვ”. მან ეს ბინა უანდერძა ძმას – ო. ს.-ს; ე. ბ.-ე გარდაიცვალა 1994 წელს; ო. ს.-მ 1995 წელს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით გაიფორმა ამ სახლის 3\4, ხოლო სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის 1\4 კანონით მემკვიდრეობის მოწმობით გაიფორმა ე. ბ.-ის შვილმა – რ. ბ.-მ.

რ. ბ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ო. ს.-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სახლიდან კუთვნილი 1\4-ის რეალურად გამოყოფა; ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მას საკუთრების უფლებით გამოეყო ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ „ვ”, მასვე დაეკისრა ო. ს.-ის სასარგებლოდ 2850 ლარის გადახდა _ მისი კუთვნილი წილის კომპენსაცია. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის ჩანაწერებში და ლიტ „ვ” საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. ბ.-ზე. რაიონული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ო. ს.-მ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 4 აპრილის განჩინებით ო. ს.-ის საზედამხედველო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ბ.-ის სარჩელი რეალური წილის გამოყოფისა და ო. ს.-ის წილის შესყიდვის თაობაზე ქ. თბილისში, მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

ლ. ქ.-მ 2000წ. ნოემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების რ. ბ.-ის და ო. ს.-ის მიმართ და მოითხოვა სადავო საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა, ო. ს.-ის ბინიდან გამოსახლება, ასევე, რ. ბ.-ისათვის მისაცემი 1000 აშშ დოლარის გადახდევინების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ლ. ქ.-მ თავისი სარჩელი იმით დაასაბუთა, რომ მან 2000წ. 2 აგვისტოს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იყიდა რ. ბ.-ისაგან ქ. თბილისში, … მდებარე საცხოვრებელი სახლი; მან ბინის მესაკუთრეს გადაუხადა 3500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 1000 აშშ დოლარი უნდა მიეცა 2001წ. თებერვლის ჩათვლით. მას სურს დარჩენილი თანხის გადახდა რ. ბ.-ისათვის, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი უცნობია; მის მიერ ნაყიდ სახლში კი ცხოვრობს ო. ს.-ე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მის ბინაზე.

ომარ ს.-მ შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხეების ლ. ქ.-ისა და სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი ნ. მ.-ის მიმართ და მოითხოვა რ. ბ.-ესა და ლ. ქ.-ეს შორის 2000წ. 8 აგვისტოს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ო. ს.-მ თავისი შეგებებული სარჩელი დაასაბუთა იმით, რომ ლ. ქ.-მ შეისყიდა მისი კუთვნილი ბინა, რომლის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა რ. ბ.-სთან. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ. ბ.-ს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლიდან რეალური 1\4-ის გამოყოფაზე. ვიდრე ო. ს.-ე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში თავის სახელზე აღრიცხავდა სადავო საცხოვრებელი სახლის 3\4-ს, იქამდე რ. ბ.-მ გაყიდა ბინა ლ. ქ.-ეზე. ლ. ქ.-მ კი 2000წ. 8 აგვისტოს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხა თავის სახელზე 2002წ. 3 დეკემბერს, მან ისარგებლა ამ დროს ბინაზე ყადაღის მოხსნით, ტექ.ბიურომ არასწორად აღრიცხა ბინა ლ. ქ.-ის სახელზე, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ბინაზე საკუთრების უფლება ლ. ქ.-ს გადაეცემა მხოლოდ ბინის ღირებულებით სრულად გადახდის შემდეგ.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹22-ში მდებარე სახლის 1\4 აღირიცხა მის სახელზე საკუთრების უფლებით.

სარჩელი ო. ს.-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ო. ს.-ის სარჩელი და ამავე ბინის 3\4 აღირიცხა მის სახელზე საკუთრების უფლებით; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსი ნ. მ.-ის მიერ 2000წ. 2 აგვისტოს დამოწმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად რ. ბ.-მ მთელი სახლი მიჰყიდა ლ. ქ.-ს. ლ. ქ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე, ო. ს.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება; ო. ს.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო. ს.-მ, მან მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 ივლისის სხდომაზე ო. ს.-მ მოითხოვა სხდომის გადადება, რადგან მისი ადვოკატი არ გამოცხადდა სხდომაზე, მან პირადად ჩააბარა სასამართლო შეტყობინება; ადვოკატის გარეშე იგი ვერ მიიღებდა მონაწილეობას პროცესზე. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა ო. ს.-ის შუამდგომლობას საქმის განხილვის გადადების თაობაზე; სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ო. ს.-ის აღნიშნული შუამდგომლობა. ამის შემდეგ ო. ს.-მ განაცხადა, რომ იგი ადვოკატის გარეშე პროცესზე ვერ მიიღებდა მონაწილეობას და დატოვა პროცესი. სააპელაციო პალატამ მას განუმარტა სსკ-ის 232-ე მუხლი, მისი შედეგები. ო. ს.-ის მიერ სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ მეორე აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო; არ დაკმაყოფილდა ო. ს.-ის სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო.

გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

დაკმაყოფილდა ლ. ქ.-ის სარჩელი და იგი ცნობილი იქნა მესაკუთრედ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ლიტ „ვ”.

ო. ს.-ე გამოსახლდა ზემოთ მითითებული ბინიდან და ბინა ჩაბარდა ლ. ქ.-ს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.

ო. ს.-მ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. ს.-ის საჩივარი, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ივნისის სხდომა გადაიდო აპელანტ ო. ს.-ის შუამდგომლობის საფუძველზე, ვინაიდან არ გამოცხადდა მისი ადვოკატი. 2004წ. 1 ივლისს დანიშნულ სხდომაზე ო. ს.-მ კვლავ მოითხოვა ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო სასამართლო პროცესის გადადება, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმის გამო, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ო. ს.-ს ადვოკატი ყავდა. ამის შემდეგ ო. ს.-მ დატოვა სასამართლო პროცესი. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი ო. ს.-ს არ გააჩნია.

ომარ ს.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც, იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე” პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩათვლილიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, ო. ს.-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო; არ დაკმაყოფილდა ო. ს.-ის სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო.

გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

დაკმაყოფილდა ლ. ქ.-ის სარჩელი და იგი ცნობილი იქნა მესაკუთრედ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ლიტ „ვ”.

ო. ს.-ე გამოსახლდა ზემოთ მითითებული ბინიდან და ბინა ჩაბარდა ლ. ქ.-ეს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.

ო. ს.-მ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. ს.-ის საჩივარი, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. იმავე კოდექსის მესამე ნაწილში კი მითითებულია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდა გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ოღონდ ერთი პირობით – თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ აპელანტის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოწინაამდეგე მხარე ო.ს.-ის გამოუცხადებლობის გამო დაუფსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი.

ამ ნორმით თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მართალია, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სარჩელის საფუძველში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის; საჭიროა ასევე, რომ ეს დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა სკ-ის ის კონკრეტული მუხლი, რომლის საფუძველზეც დააკმაყოფილა ლ. ქ.-ის სარჩელი – ქ.თბილისში, მდებარე ლიტ „ვ” ნაგებობაზე რ. ბ.-სთან 2000წ. 2 აგვისტოს გაფორმებული განვადების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ ცნობის და სადავო ბინიდან ო.ს.-ის გამოსახლების შესახებ; სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითებული ო.ს.-ის შეგებებული სარჩელის თაობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უარის თქმის განჩინებაში არ იმსჯელა იმის შესახებ, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედგენილია თუ არა სსკ-ის 234-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; ამ მუხლის მოთხოვნაა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე. მაგრამ თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოდის მოპასუხის (მოწინაღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის გამო, მაშინ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს კანონზე (მატერიალურ-სამართლებრივ ნორმაზე), რომელიც მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად ამათლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი სსკ-ის 3394-ე მუხლის „ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ინ ა :

ო. ს.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქოქ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააეპლაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.