შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1315-1442-04 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
უ. კ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში ბ. გ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ 2003წ. 27 ივნისს განმეორებით აუქციონზე შეიძინა ბ. გ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა ¹11 მდებარე ქ. თბილისში, ....., 38ა კორპუსში. ბინა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, მოპასუხე ბინას არ ათავისუფლებს.
მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვა და მოპასუხის გამოსახლება სადავო ბინიდან მასთან თანმხლებ პირებთან ერთად.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ. გ-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ..... ბინა ¹11-დან.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ც-მა, ბ., გ., ნ., თ., რ. გ-ემ და ლ. ქ-მა.
სააპელაციო საჩივარში აპელანტებმა განმარტეს, რომ სადავო ბინა დატვირთული იყო იპოთეკით სესხის უზრუნველსაყოფად. 2003წ. 11 ივნისს ბინა აუქციონის წესით გაიყიდა და იგი შეიძინა უ. კ-მა. უ. კ-ის სასარჩელო განცხადებაში არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა. ბინაში რეგისტრირებული არიან და ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები.
აპელანტების განმარტებით, უ. კ-ს გააჩნია სხვა საცხოვრებელი ბინა, ხოლო მათ კი არა. მესაკუთრე კ-ი მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს ბოროტად იყენებს. აპელანტებმა განმარტეს, რომ იპოთეკის დროს მოვალეს უფლება აქვს ბინაში დარჩეს დამქირავებლად. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბინაში დამქირავებლებად დარჩენა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და უ. კ-ს უარი ეთქვა ბ. გ-ის თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლებაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგზე: საქმის მასალებით დადგენილია, რომ უ. კ-მა 2003წ. 27 ივნისს განმეორებით საჯარო აუქციონზე შეიძინა ბ. გ-ის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ბინა ¹11 მდებარე, ქ. თბილისში, ..... და აღირიცხა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
დადგენილია, რომ სადავო ბინის ყოფილი მესაკუთრე ბ. გ-ე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ბინაში.
საქართველოს სკ-ის 303-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს, დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ. გ-ეს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი, ჰყავს მცირეწლოვანი წევრებისაგან შემდგარი მრავალსულიანი ოჯახი და ჩათვალა, რომ იგი უნდა დარჩეს დამქირავებლად, ხოლო უ. კ-ს რჩება უფლება, მოითხოვოს ბ. გ-ისაგან საბაზრო ღირებულების შესაბამისი ქირა სადავო ბინაზე მესაკუთრედ აღრიცხვის დღიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და, შესაბამისად, გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს სადავო ბინით, ასევე, შეუძლია მისი განკარგვაც. ასეთი მოქმედებით არ ილახება არც მეზობლის და არც მესამე პირთა ინტერესები და ამგვარი მოქმედება არ იქნება უფლების ბოროტად გამოყენება. სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე აცხადებს, რომ იგი არის ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი, მაგრამ ამას ვერ ასაბუთებს. სასამართლოს მიერ სკ-ის 303-ე მუხლზე მითითება კი ასეთ შემთხვევაში არ არის სამართლებრივად სწორი, რადგან ეს მუხლი ითვალისწინებს მოვალის უფლებას იპოთეკით დატვირთულ შენობაზე ან შენობის ნაწილზე. აღნიშნული ბინა კი უკვე აღარაა იპოთეკით დატვირთული და იგი უ. კ-ის საკუთრებაა.
2005წ. 1 მარტს უ. კ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრის განხილვამ მისთვის დაკარგა ინტერესი, რის გამოც უარს ამბობს მის განხილვაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა უ. კ-ის განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ.
სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან უ. კ-მა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, ხოლო მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო მოსაზრება ამის თაობაზე არ გამოუთქვამს, საკასაციო პალატა თვლის, რომ უ. კ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
უ. კ-ის განცხადება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.