დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.07.2023
საქმის ნომერი
ბს-1104(2კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1104(2კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - ი. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები - ი. ხ-ე, მ. ს-ე, თ. ხ-ის უფლებამონაცვლე - მ. ს-ე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 23 იანვარს თ. ხ-ემ, ი. ხ-ემ და მ. ს-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის - ი. ბ-ას მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 და 2017 წლის 13 იანვრის №25/383 წერილების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით თ. ხ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. ს-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის, მ. ს-ის და (აწ გარდაცვლილი მოსარჩელე თ. ხ-ის უფლებამონაცვლის მ. ს-ის) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 წერილი და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 იანვრის №25/383 წერილი. საქალაქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ი. ბ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით ი. ბ-ას და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ი. ბ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი, ხოლო 2023 წლის 8 თებერვლის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კასატორი ი. ბ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის მიმართვით, 2016 წლის 24 ნოემბრის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განცხადების განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით 15 დღის ვადაში ქ. ბათუმის მერიაში წარედგინა არსებული ფართის ნახაზი, არსებული და საპროექტო ჭრილები, ხოლო თანამესაკუთრეთა თანხმობა ვიტრაჟის მოწყობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მხრიდან მოთხოვნილი არ ყოფილა.

კასატორი არ ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებას ი. ბ-ას მიერ ხარვეზის არასრულად აღმოფხვრაზე და განმარტავს, რომ ხარვეზი მის მიერ აღმოიფხვრა სრულად. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება ი. ბ-ას მიერ შესრულდა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ქონება არის მისი და არა მოსარჩელის საკუთრება. შესაბამისად, არ ეთანხმება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას სადავო საკითხთან მიმართებაში და შუამდგომლობს საკასაციო სასამართლოს წინაშე ადგილზე დათვალიერების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით) მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დადგენილების 35-ე მუხლი ადგენს მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კვლევის საკითხებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში – შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში; კვლევების მიზანია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება. დადგენილების ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა. დადგენილების 35-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე; ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებარე შენობა-ნაგებობების დამკვეთებმა წინასაპროექტო სამუშაოების დროს საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაატარონ მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობის სათანადო კვლევა მისი მდგომარეობის დაფიქსირებისათვის, განსაზღვრონ არსებულ ობიექტებზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხი. მე-7 პუნქტის თანახმად, დაპროექტებისათვის უფლებამოსილმა შესაბამისმა პირმა, თუ ამის საფუძველს იძლევა კვლევების შედეგები, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში უნდა გაითვალისწინოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ს-ისა (მოსარჩელე თ. ხ-ის უფლებამონაცვლე) და ი. ხ-ის საკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, ...ის ქ. №65-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...). ამავე მისამართზე, პირველ სართულზე, ი. ბ-ას საკუთრების უფლებით ერიცხება 82.94 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ ...).

დადგენილია, რომ ი. ბ-ამ 2016 წლის 29 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №65-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ვიტრაჟის მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმება, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 წერილით დაკმაყოფილდა და ი. ბ-ას დაუდასტურდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №65-ში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) პირველ კლასს მიკუთვნებული ვიტრაჟის მოწყობის შესაძლებლობა წარდგენილი ესკიზური ნახაზის შესაბამისად. დადგენილია ასევე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი, უძრავი ნივთის კონსტრუქციული დასკვნით, დამატებით გამაგრებითი ღონისძიების ჩატარება არ იყო გათვალისწინებული, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შენობის სიმტკიცისა და მდგრადობის მაჩვენებელი არ მცირდებოდა. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელე თ. ხ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 წერილის საფუძვლად წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცემა, რამდენადაც დაგეგმილი მშენებლობა მისთვის ზიანის მომტანს და საფრთხის შემცველს წარმოადგენდა. 2016 წლის 19 დეკემბერს, კონსტრუქტორ რ. კ-ის მიერ თ. ხ-ის დაკვეთით მომზადდა საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №65-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა საშუალებას იძლევა მისი I სართულის ფასადის მხარეს განხორციელდეს არსებული ფანჯრის ღიობის ჩაჭრა ტროტუარის დონემდე, პირველი სართულის ნაწილის იატაკის დონის დაწევა 45 სმ-ით და მასში ჩასასვლელი კიბის მოწყობა, შესაბამისი პროექტით, თუ მასში გათვალისწინებული იქნება შემდეგი: იატაკის დონის დაწევა გამოიწვევს პირველი სართულის სიმაღლის გაზრდას 75 სმ-ით (3.80 მ-დან, 4.55 მ-მდე) და დაირღვევა კედლის სიმაღლის სისქესთან თანაფარდობის დასაშვები ნორმა 4.55/0.2=22.75>15, საჭირო იქნება არა მარტო სარეკონსტრუქციო ნაწილის, არამედ საერთო შენობის კედლების სათანადო გამაგრება-გაძლიერება.

ასევე დადგენილია, რომ თ. ხ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და 2016 წლის 19 დეკემბრის საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოითხოვა 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 წერილის ბათილობა და მისი მოქმედების შეჩერება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 27

დეკემბრის №25/20821 წერილით, №01/1023 წერილის მოქმედება შეჩერდა ერთი თვით. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 იანვრის №25/383 წერილით, ი. ბ-ას ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა, რომ აღარ არსებობდა მშენებლობის შეჩერების საფუძველი და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 წერილს მიენიჭა იურიდიული ძალა და შესაბამისად, ამავე წერილით ი. ბ-ას დაუდასტურდა შესაძლებლობა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №65-ში ვიტრაჟის მოწყობის თაობაზე. განმცხადებლის, თემურ ხაბაძის 2016 წლის 5 დეკემბრის საჩივრის საფუძველზე, მითითებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება შეჩერდა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ი. ბ-ას დაევალა ქ. ბათუმის მერიაში წარედგინა კონსტრუქციული პროექტი და საექსპერტო დასკვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ი. ბ-ამ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა საძირკვლისა და კედლის გამაგრების კონსტრუქციული პროექტი, სათანადო საექსპერტო დასკვნით. ამავე წერილით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით განმარტა, რომ ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №65-ში ვიტრაჟის მოწყობის შემთხვევაში ი. ბ-ას უნდა ეხელმძღვანელა როგორც 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 წერილით შეთანხმებული დოკუმენტაციით, ასევე, 2017 წლის 13 იანვრის №25/383 წერილით წარდგენილი საძირკვლისა და კედლის გამაგრების კონსტრუქციული პროექტით; აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენდა ერთიან და შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტაციას. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თავისი მახასიათებლებით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიეკუთვნება I კლასს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-19 მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების კლასებს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის, რომლის თანახმად, დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად.

დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში დამკვეთის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნაში მითითებული იყო, რომ დაიშვებოდა 20 სანტიმეტრიანი კედლის გამოღება და მის ნაცვლად ვიტრაჟის მოწყობა. ანუ, საექსპერტო დასკვნა გაცემული იყო მხოლოდ კედლის გამოღებაზე და მის ნაცვლად ვიტრაჟის მოწყობაზე ისე, რომ ყველა სხვა საანგარიშო მონაცემი უნდა შენარჩუნებულიყო, მათ შორის, საექსპერტო დასკვნა არ ადგენს, რომ მშენებლობის წარმოება შესაძლებელია იატაკის დონის დაწევით +30 სანტიმეტრიდან - 45 სანტიმეტრამდე. შესაბამისად, არ დგინდებოდა, დაგეგმილი მშენებლობა ზიანს უქმნიდა თუ არა შენობა-ნაგებობას და თუ უქმნიდა, რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო ზიანის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულის გამო სავალდებულო იყო საექსპერტო დასკვნით შეფასებულიყო ხსენებული სამუშაოების დასაშვებობა და დადგენილიყო, ჩასატარებელი სამუშაოები ხომ არ უქმნიდა საფრთხეს ქ. ბათუმში, ...ის ქ. №65-ში მდებარე შენობა-ნაგებობების მდგრადობას და რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო ზიანის თავიდან ასაცილებლად.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციით, ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №65-ში, ვიტრაჟის მოწყობასთან დაკავშირებით ი. ბ-ას მიერ განსახორციელებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა I კლასს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ბ-ას მიერ დაგეგმილი მშენებლობა არსებული ღიობების გაზრდას ითვალისწინებს 10 სანტიმეტრზე მეტად, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ექსტერიერის რეკონსტრუქციად ითვლებოდა. ექსტერიერის რეკონსტრუქცია კი, ამავე დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიეკუთვნება მე-2 კლასს და მასზე სავალდებულოა მშენებლობის ნებართვის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ი. ბ-ას მიერ დაგეგმილ მშენებლობაზე ადმინისტრაციული წარმოება განხორციელებული აქვს პირველი კლასისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და მასზე გაცემული არ არის მშენებლობის ნებართვა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 წერილით გაცემული თანხმობა, რომლითაც ი. ბ-ას უფლება მიეცა განეხორციელებინა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №65-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ ფართში ვიტრაჟის მოწყობა, არ ეფუძნებოდა სათანადო საექსპერტო დასკვნას. ამდენად, თანხმობა გაცემულ იქნა კანონდარღვევით, რითაც ზიანი ადგება ქ. ბათუმში, ...ის ქ. №65-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში მცხოვრებ მესაკუთრეთა ინტერესებს. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 5 დეკემბრის №01/1023 სადავო წერილი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. ხსენებული კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით. ხოლო თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დემონტაჟს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით (მე-3 პუნქტი).

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარში ასახულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის მიმართვით ი. ბ-ას 2016 წლის 24 ნოემბრის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა განცხადების განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით 15 დღის ვადაში ქ. ბათუმის მერიაში წარედგინა არსებული ფასადის ნახაზი; არსებული და საპროექტო ჭრილები და თანამესაკუთრეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ვიტრაჟის მოწყობის თაობაზე. მესამე პირის - ი. ბ-ას მხრიდან დადგენილი ხარვეზი სრულად არ აღმოფხვრილა, რამეთუ მას ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია ქ. ბათუმში, ...ის ქ. №65-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა თანხმობა ვიტრაჟის მოწყობის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებდა ფასადის ღიობების ზომების გაზრდას საერთო საკუთრების კედლის ნაწილების დემონტაჟის ხარჯზე.

საკასაციო პალატა, მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №65-ში მდებარე უძრავ ნივთზე ი. ბ-ას მიერ კედლის გამაგრებისა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები არ მიეკუთვნება I კლასის სამუშაოებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ი. ბ-ას არ მისცემია თანხმობა, ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მზიდი კონსტრუქციების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების საწარმოებლად. ამასთან, 2016 წლის 5 დეკემბრის №01/023 წერილით, ისე გაიცა თანხმობა მესამე პირზე, რომ არ ჩატარებულა შენობა-ნაგებობის კვლევა, არ განსაზღვრულა მოსალოდნელი საფრთხე

და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ყოველივე აღნიშნული, ასევე მიუთითებს სადავო აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო წერილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სადავო აქტები (წერილები) ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, არსებითად არღვევს და რეალურ ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას ადგილზე დათვალიერების ჩატარების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მართალია კასატორი ითხოვს ადგილზე დათვალიერების შესახებ უარის თაობაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმებას, თუმცა ვერ ასაბუთებს რა გარემოება დადგინდებოდა ადგილზე დათვალიერებით, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ლ-ას ი. ბ-ას საკასაციო საჩივარზე 26.12.2022წ. №2469 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ლ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება.

3. ვ. ლ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. ბ-ას საკასაციო საჩივარზე 26.12.2022წ. №2469 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე