დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-632(3კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე); 2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხე); 3. ი. კ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი. კ-ამ 2021 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 6 ოქტომბრის №5106890 ბრძანების და ი. კ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1665 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. თბილისში, ...ის ქ. №4-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), 2005 წელს უნებართვოდ აშენებული და ი. კ-ას საკუთრებაში არსებული (ს/კ ....25.500) უძრავი ქონების (ავტოფარეხი - შენობა №25) ლეგალიზების თაობაზე, არაუგვიანეს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 6 ოქტომბრის №5106890 ბრძანება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ი. კ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 დეკემბრის №1665 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ი. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და 2021 წლის 26 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ი. კ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით ი. კ-ას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ი. კ-ამ.
კასატორი ადმინისტრაციული ორგანოების მითითებით, სალეგალიზაციოდ წარდგენილი ობიექტის დღეის მდგომარეობით არსებული იერსახე - ობიექტზე განთავსებული კარის ღიობის ფორმა და ზომები განსხვავდება შპს „ს...ს“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის დროისთვის (2010 წლის 28 მაისი) ობიექტზე არსებული მდგომარეობისგან. ხსენებული აზომვითი ნახაზით სალეგალიზაციოდ წარდგენილ ობიექტზე არ დასტურდება არსებული ფანჯრის ღიობის არსებობაც. ხოლო ფოტოსურათების ანალიზის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი ობიექტის დღეის მდგომარეობით არსებული იერსახე განსხვავდება 2013 წლის 24 მაისის №AR1134012 განცხადების არქიტექტურის სამსახურში წარდგენის დროისათვის ამავე ობიექტზე არსებული მდგომარეობისგან. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები ვერ მიიჩნევენ სალეგალიზაციოდ წარდგენილი ობიექტის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულებას დღეის მდგომარეობით არსებული იერსახით. კასატორების მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განსახილველ სამართალურთიერთობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილების გავრცელებისათვის იმპერატიულ მოთხოვნად არის მიჩნეული უნებართვო მშენებლობის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულება, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ი. კ-ა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ და მიიჩნევს, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება ავტოფარეხის მშენებლობის 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულების ფაქტი. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას ადვოკატის ხარჯებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოცემული სადავო საკითხის სირთულიდან გამომდინარე, არარეალურია ადვოკატისათვის 400 ლარის საადვოკატო მომსახურების გადახდა სამივე ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. კ-ას საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. კ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი. კ-ასთვის უძრავი ქონების ლეგალიზებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტის მშენებლობა მოთხოვნის წარდგენის დროს არსებული იერსახით არ იყო დასრულებული 2007 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებულ „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესსა და პირობებს, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესსა და პირობებს“, რომლითაც განისაზღვრა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის (შემდგომში – ობიექტი ან მისი ნაწილი) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი.
მითითებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. წესის მე-4 და მე-7 მუხლების შესაბამისად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს. №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი. კ-ამ 2020 წლის 1 სექტემბერს №AR1770699 განაცხადით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №4-ში მდებარე, 2005 წელს აშენებული, კუთვნილი №25/1 ავტოფარეხის ლეგალიზება. მან უფლებამოსილ ორგანოში წარადგინა ფოტომასალა, ამონარიდი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკადასტრო რუკიდან (სალეგალიზაციო ავტოფარეხის განთავსების სიტუაციური გეგმა და საკადასტრო საზღვრები), ავტოფარეხის აზომვითი ნახაზები, 2005 წლის ორთოფოტო, რომელზეც ფიქსირდებოდა სალეგალიზაციო ობიექტი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ...“-ის 2020 წლის 13 აგვისტოს №2 კრების ოქმი.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 6 ოქტომბრის №5106890 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ი. კ-ას №AR1770699 განცხადება და განმცხადებელს უარი ეთქვა ქ. თბილისში, სამგორში, ...ის ქუჩაზე მდებარე №... მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული, მის საკუთრებაში არსებული, №....25.500 უძრავი ქონების (ავტოფარეხი - შენობა №25) ლეგალიზებაზე. ხსენებული ბრძანების თანახმად, განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tas.ge-ზე დაცული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის 24 მაისის №Aღ1134012 განცხადებითა და 2020 წლის 1 სექტემბრის №AR1770699 განცხადებით წარდგენილი ფოტოსურათების, ასევე, შპს „ს...ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის (რომელიც დასათაურებული იყო როგორც „ავტოფარეხის აზომვითი ნახაზი, რომლითაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში“) და ი/მ ზ. მ-ის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის ურთიერთშედარებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იყო, №AR1770699 განცხადებით სალეგალიზებოდ წარდგენილი ობიექტის მშენებლობა განცხადების წარდგენის დროისათვის არსებული იერსახით არ იყო დასრულებული 2007 წლის 1 იანვრამდე და აქედან გამომდინარე, მისი ლეგალიზება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესის და პირობების, აგრეთვე, 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის ან მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობების (შემდგომში – წესი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან/და მშენებლობის შეტყობინებას. შეკეთება ისეთი მშენებლობაა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება შენობა-ნაგებობის იერსახე და მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების (გარდა ცეცხლმედეგი გამმიჯნავებისა) გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების შეკეთება; გ) შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-ტექნიკური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.
ამავე წესის მე-7 მუხლის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს, ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ წესის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული რემონტი – შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის საფუძველზე ნაწარმოები პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოები, ასევე ავარიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2007 წლის 1 იანვრის შემდგომ შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და უშუალოდ მესაკუთრის მიერ გაწეული ხარჯებით ფართის მატების გარეშე სალეგალიზაციო ობიექტზე განხორციელებული გამაგრებითი სამუშაოები (სამშენებლო სამუშაოების განხორციელებამდე ობიექტების ან მათი ნაწილების ავარიული მდგომარეობა და გამაგრების აუცილებლობა დადასტურებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დასკვნით) არ წარმოადგენს ლეგალიზების დამაბრკოლებელ გარემოებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ან მისი დარღვევით განხორციელებული მშენებლობის მოქცევას სამართლებრივ ჩარჩოებში, დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული რემონტი – შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა. თავის მხრივ, შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) კი მოიცავს შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებით, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულებას გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა).
საყურადღებოა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ორი აზომვითი ნახაზი, 2005 წელს შპს „ს...ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზი, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იქნა ი. კ-ას საკუთრების უფლება და 2020 წელს ი/მ ზ. მ-ის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი, რომელიც წარდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ ლეგალიზების მოთხოვნასთან ერთად. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ორივე შემთხვევაში ავტოფარეხის ტექნიკური მაჩვენებლები - სიგრძე/სიგანე/ფართობი არის თანხვედრაში და უძრავი ნივთი, როგორც რეგისტრირებული, ასევე ამჟამად არსებული ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით არის 22,3 მ2, თუმცა ამავე ნახაზების მიხედვით, ავტოფარეხის იერსახის სხვაობა გამოხატულია შესასვლელი ღიობის შემცირებასა და ერთ კედელზე ფანჯრის ღიობის დამატებაში. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ი. კ-ას მიერ წარდგენილი იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. №4-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლების ხელმოწერებით განცხადება, რომლის თანახმად, ი. კ-ას საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის მშენებლობა დასრულებული იყო 2005 წელს, რის შემდეგაც არ შეცვლილა ავტოფარეხის კონსტრუქცია და მისი იერსახე (ტ.1, ს.ფ. 211-212).
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულ მ. გ-ეის, ა. ხ-ასა და გ. ხ-ის ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, ისინი არიან ი. კ-ას მეზობლები და ფლობენ ზუსტ ინფორმაციას სალეგალიზაციო ობიექტთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, ავტოფარეხი აშენდა 2005 წელს იმავე სახით, რაც გააჩნია არსებული მდგომარეობით. ცვლილება განიცადა მხოლოდ ფართში შესასვლელმა, რაც გამოიხატა რკინის დარაბის მოხსნაში. გ. ხ-ის განმარტებით, მშენებლობის პროცესში არსებული ფანჯრის ღიობის ადგილას იყო შესასვლელი, რომელიც მშენებლობის დასრულებისთანავე გადაკეთდა ფანჯრის ღიობად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალაზე, ავტოფარეხის აზომვით ნახაზებსა და მოწმეთა ჩვენებებზე და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ფაქტობრივი გარემოებები არასათანადოდ არის გამოკვლეული, კერძოდ, უფლებამოსილმა ორგანომ, ერთი მხრივ, არ გამოიკვლია კონკრეტულად რა სახის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 2007 წლის 1 იანვრის შემდგომ და, მეორე, მხრივ, არ შეაფასა განხორციელებული სამუშაოები (მათ შორის, შესასვლელ ღიობთან დაკავშირებით) მიეკუთვნებოდა თუ არა ისეთ სამშენებლო სამუშაოს, რომელსაც სჭირდებოდა შესაბამისი ნებართვა ანდა წარმოადგენდა თუ არა მთლიანი ობიექტის ლეგალიზებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ფანჯრის ღიობი არსებობდა მშენებლობის დასრულებისთანავე, 2005 წელს, ხოლო შესასვლელი ღიობის ზომა არ შეცვლილა (ნაწილობრივ ყრუ კედლით არ ამოშენებულა) და მოიხსნა მხოლოდ რკინის დარაბა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ნიშანდობლივია, რომ მოწმეების ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სადავო აქტებში მითითებულ გარემოებებთან, რაც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის აუცილებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ არის, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ისე გამოსცეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევიათ საქმის გარემოებები, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც იერსახის ცვლილება არ წარმოადგენს ობიექტის ლეგალიზაციაზე უარის თქმის მიზეზს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოეკვლია, 2007 წლის 1 იანვრის შემდგომ სალეგალიზაციო ავტოფარეხზე კონკრეტულად რა სახის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა, განხორციელებული სამუშაოები ხომ არ მიეკუთვნებოდა სარემონტო სამუშაოებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული ობიექტის ლეგალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
მოცემულ სადავო შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტების არასრულფასოვანი გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 400 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურების დაკისრებას, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელე წარმოდგენილი იყო ადვოკატით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია ი. კ-ასა და მის ადვოკატს შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომსახურების საფასური შეადგენს 1000 (ათასი) ლარს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას საადვოკატო მომსახურებისთვის დაკისრებული თანხის ოდენობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა გონივრულია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ჭ-ეს ი. კ-ას საკასაციო საჩივარზე 31.05.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ი. კ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება.
3. გ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.05.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე