დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1083-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№10831-13 4 აპრილი, 2013 წელი

ს-ე ა., 10831-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ის

მსჯავრდებულ _ ა. ს-ის

ადვოკატ – გ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ა. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 500 ლარი ჯარიმა, ამავე მუხლით მე-2 ნაწილით – 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო მე-19,108-ე მუხლით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შეკრების პრინციპით ა. ს-ეს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2500 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ა. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, მე-19,109-ე მუხლის „ზ“, „თ“ პუნქტებით – 13 წლით, 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“ პუნქტებით – 14 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. ს-ეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 30 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 37 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 30 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 15 თებერვლიდან 2008 წლის 30 სექტემბრამდე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ა. ს-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ზ“, „თ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებზე, 109-ე მუხლის „გ“ პუნქტიდან – 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19,109-ე მუხლის „გ“, „ზ“ პუნქტებიდან – მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან – ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. განაჩენი ა. ს-ის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. ს-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა ამავე განაჩენით სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ა. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლითა და 6 თვით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ა. ს-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 წლისა და 6 თვის ვადით. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ს-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შედეგად მას მთლიანობაში სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს 19 წლითა და 6 თვით, რაც უნდა გამოაკლდეს საბოლოო სასჯელს – 37 წელს და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, რადგან არ არის განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი თითოეული მუხლისათვის ცალ–ცალკე, ამიტომ საკითხი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასიკეთოდ და მას უნდა გაუნახევრდეს ამ მუხლებით დანიშნული 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა. ს-ე ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და მისთვის სასჯელის საბოლოო ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ს-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის განახევრება კანონიერია. ამავე კანონის მე-3, მე-7 და მე-16 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ს-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან გათავისუფლება, მისთვის სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის განახევრება, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება ასევე კანონიერია.

უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მითითება, რომ მისთვის სასჯელი უნდა დაანგარიშდეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელიდან - 37 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალცალკე.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ მას უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, პალატა აღნიშნავს, რომ მას ამ მუხლებით დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი უფრო მძიმე - სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე