დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-1370-1495-04 31 მაისი, 2006 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
სარჩელის საგანი: სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ნ., ბ. და ნ. გ-ურების მიმართ და მოითხოვა ქუთაისის სანოტარო ბიუროს მიერ 2003წ. 7 მაისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფა და მესაკუთრედ ცნობა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ.ქუთაისში, ..., ტექ. ბიუროს მონაცემებით აღრიცხულია როგორც დაუკანონებელი, მოსარჩელის მამის – შ. გ-ურის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1974 წელს. სახლი ინვენტარიზებულია 1976 წელს და ამ პერიოდისათვის შედგებოდა ოთხი ოთახისაგან, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა დროსაა მიშენებული. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბოლო მიშენება 1990 წელს აწარმოეს მან და მისმა ძმამ, რის გამოც მოითხოვა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და მამის დანაშთი ქონების 1/6-ის მიკუთვნება, ხოლო საცხოვრებელი სახლის დანარჩენ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სადავო საცხოვრებელი სახლის ოთხი ოთახიდან მ. გ-ურს მიეკუთვნებოდა სამკვიდრო წილის 1/8, ნ. გ-ურს 6/8, ხოლო ბ. გ-ურს კი 1/8. ამასთანავე, მოითხოვეს მიშენებული ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. გ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იგი ცნობილ იქნა მემკვიდრედ მამის დანაშთი ქონების მთლიანი სახლის 1/27-ზე, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; დაკმაყოფილდა ნ. და ბ. გ-ურების შეგებებული სარჩელი, ნ. გ-ური ცნობილ იქნა მემკვიდრედ და მესაკუთრედ მთლიანი სახლის 17/27-ზე, ხოლო ბ. გ-ური – 9/27 ნაწილზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ურმა. სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე აპელანტმა მოთხოვნა ნაწილობრივ შეცვალა და მოითხოვა 1957წ. პროექტით აშენებული სახლის ნაწილიდან სამკვიდროს სახით 1/8, ხოლო მეორე ეტაპად ნაწარმოებ მინაშენზე მოითხოვა მესაკუთრედ ცნობა მთლიანად და მესამე ეტაპად ნაწარმოებ მინაშენზე ½1/2-ის მესაკუთრედ ცნობა ბ. გ-ურთან ერთად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. გ-ურის სარჩელი და ნ. და ბ. გ-ურების შეგებებული სარჩელი. მ. გ-ურს საცხოვრებელი სახლიდან საერთო ჯამში მიეკუთვნა 83,12 კვ.მ, რაც შეადგენს დაახლოებით სახლის 31/100-ს; ნ. გ-ურს მიეკუთვნა სულ 100,98 კვ.მ, რაც შეადგენს საცხოვრებელი სახლის დაახლოებით 37/100-ს, ხოლო ბ. გ-ურს მიეკუთვნა – 83,12 კვ.მ, რაც შეადგენს საცხოვრებელი სახლის დაახლოებით 31/100.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები ქ. ქუთაისში, ... მდებარე ექსპლუატაციაში მიუღებელი, შ. გ-ურის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი შენდებოდა სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე მშენებლობა ნაწარმოებია 1957 წელს შ. და ნ. გ-ურების მიერ და აშენდა ოთხი ოთახი: ფართით I) 27,82 კვ.მ, II) 13,91 კვ.მ, III) 25,49 კვ.მ, IV) 12,37 კვ.მ. მეორე ეტაპზე მშენებლობა მიმდინარეობდა 1972-74 წლებში და აშენდა ოთახები ფართით: I) 17,44 კვ.მ, II) 25,31 კვ.მ, III) 14,40 კვ.მ, IV) 16,15 კვ.მ; V) 11,54 კვ.მ, VI) 6,58 კვ.მ, VII) 7,00 კვ.მ; მესამე ეტაპზე მშენებლობა ნაწარმოებია 1988-89 წლებში და მიშენებულია ოთახები ფართით I) 14,82 კვ.მ, II) 13,32 კვ.მ, III) 4,80 კვ.მ, IV) 19,40 კვ.მ. V) 6,79 კვ.მ, VI) 4,45 კვ.მ, VII) 4,50 კვ.მ, VIII) 9,30 კვ.მ.
პირველ ორ ეტაპად განხორციელებული მშენებლობა ინვენტარიზებულია 1976 წელს, ხოლო მესამე ეტაპად ნაწარმოები – 1990 წელს. 1972 წელს შ. გ-ურმა 1957 წელს აშენებულ სახლზე მიშენებისათვის შეადგენინა პროექტი. აღნიშნული მშენებლობის საწარმოებლად მან, როგორც სამამულო ომის ინვალიდმა, გამოიტანა სახელმწიფო შეღავათიანი სესხი, რომელიც უნდა დაეფარა 10 წელიწადში, ძირითადად აღნიშნული მიშენება ოჯახმა აწარმოვა 1972-74 წლებში; 1974 წელს შ. გ-ური გარდაიცვალა; მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი აწარმოვეს შ. და ნ. გ-ურებმა და იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას; შ.გ-ურს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე; გარდაცვალების დროისათვის ოთხივე ცხოვრობდა მასთან ერთად და ოთხივე დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის (1964 წ. რედაქცია) 556-ე მუხლითა და ახალი სკ-ის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ ოთხივე მემკვიდრე უფლებამოსილია, მიიღოს თავისი წილი. რაც შეეხება მშენებლობის მეორე ეტაპს, პალატა მიიჩნია, რომ, ვინაიდან ოჯახი ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და მის წევრებს ჰქონდათ დამოუკიდებელი შემოსავალი. ამასთანავე, მინაშენის შესახებ პროექტი დააშვებინა შ. გ-ურმა, მანვე გამოიტანა სახელმწიფო სესხი და მის სიცოცხლეშივე იქნა ძირითადად დამთავრებული მიშენებაც, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მეორე ეტაპზე ნაწარმოები მინაშენი, ფართით 110,39 კვ.მ, ჩაითვალოს შ., ნ., ბ. და მ. გ-ურების თანასაკუთრებად და თითოეულის იდეალური წილი განისაზღვროს ¼1/4-ით. შ.გ-ურის წილი 1/4, თავის მხრივ, გაიყოს ოთხი მემკვიდრისათვის, თითოეულს მიეკუთვნოს ამ ეტაპზე აშენებული ფართის 1/16, რაც შეადგენს 6,89 კვ.მ. რაც შეეხება მშენებლობის მესამე ეტაპს, პალატამ მიიჩნია, რომ იგი აწარმოვა ორივე ძმამ და თითოეულს უნდა მიეკუთვნოს 1/2.
სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ბ. და ნ. გ-ურებმა. კასატორები მოითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის გადაცემას განსჯადი სასამართლოსათვის. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არის დაუსაბუთებელი, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია. ამასთანავე სასამართლოს მიერ მიკერძოებულად და ტენდენციურადაა გამოკვლეული და შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დარღვეულია სსკ-ის 102-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აღრიცხული იყო შ. გ-ურის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1974 წელს, მას დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე, გარდაცვალების დროისათვის ოთხივე ცხოვრობდა მასთან ერთად და ოთხივე დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. სხვადასხვა წლებში სადავო საცხოვრებელ სახლს ეტაპობრივად მიაშენეს. დადგენილია, რომ პირველ ეტაპზე მშენებლობა აწარმოვეს შ. და ნ. გ-ურებმა და იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. მშენებლობის მეორე ეტაპი განხორციელებულია ოჯახის საერთო სახსრებით და იგი წარმოადგენს ოჯახის წევრების თანასაკუთრებას, ხოლო მესამე ეტაპის _ ბ. და მ. გ-ურების მიერ და იგი მათი თანასაკუთრებაა.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სადავო სახლზე მინაშენების წარმოებაში მ. გ-ურის წვლილის თაობაზე. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე მოდავე მხარეებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სესხის გადახდის ქვითრებზე რიგ შემთხვევაში ნ. გ-ურის დასახელება ან მ.გ-ურის მაღალი ხელფასი არ არის საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო სესხი მთლიანად გადაიხადა მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმ პროცესუალურ დარღვევებზე მითითებით, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის თაობაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საპროცესო ნორმები, კერძოდ, პროცესები სხვადასხვა მოსამართლეებისა და მდივნების მონაწილეობით ჩატარდა. სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების განხილვა სააპელაციო წესით ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ. ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, მოსამართლეს ეკრძალება საქმის განხილვაში მონაწილეობა, თუ იგი ამ საქმის განხილვაში მონაწილეობდა სხვა ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიის შემადგენლობაში მოსამართლის შეცვლა ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევას არ წარმოადგენს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კანონი არ დარღვეულა ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ., ბ. და ნ. გ-ურების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.